2018 წლის იანვარ-ივნისში, შვედეთში თავშესაფარი საქართველოს 490 მოქალაქემ მოითხოვა, გერმანიაში -2485, ბელგიაში - 471, ნიდერლანდებში - 81-მა- აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ჟურნალისტებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მარკ ჰულსტმა წარუდგინა. როგორც ჰულსტმა აღნიშნა, თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი საქართველოდან იკლებს.
"ჩვენი დაკვირვებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ საზღვარგარეთ, შემცირებისკენ მიდის. ზოგ ქვეყანაში პირიქით, ზრდის ტენდენცია გვაქვს, მაგალითად ბელგიაში და ნიდერლანდებში, მაგრამ მასშტაბი ამ ორ კონკრეტულ ქვეყანაში შედარებით მცირეა. ყველაზე დიდი თავშესაფრის მიმღები ქვეყანა მაინც გერმანიაა. წელს 2710-მა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში იანვრიდან ივნისის ჩათვლით. ეს ციფრი ბოლო ორ თვეში აშკარად უფრო დაბალი იყო, ვიდრე წინა თვეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები და ნაკლები პირი ითხოვს თავშესაფარს. კლების მაჩვენებელი იმედისმომცემია. იგივე ტენდენციაა შვედეთში, სადაც ნოემბერ-დეკემბერში და წელს იანვარ-თებერვალში საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მოითხოვა თავშესაფარი. გერმანიასთან შედარებით თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ შვედეთისთვისაა დიდი რიცხვი, რაც მათთვის ახალი მოვლენა იყო", - განაცხადა ჰულსტმა.
მისივე ინფორმაციით, თავშესაფრის მომთხოვნი ქვეყნების ხუთეულშია: ბელგია, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი და ავსტრალია.
"2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, შვედეთში თავშესაფარი მოითხოვა 490 პირმა, გერმანიაში -2485, ბელგიაში -471, ავსტრალიაში -150, ნიდერლანდებში - 81 საქართველოს მოქალაქემ. თუ ამ ციფრებს შარშანდელი 6 თვის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, მატება შვედეთში 23%-ია, ბელგიაში ზუსტად იგივე ციფრია, რაც შარშან იყო",- განაცხადა მარკ ჰულსტმა.