კურორტ საირმესთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

ბაღდათის რაიონის კურორტ საირმესთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კოკა გაბუნიამ განუცხადა.

კოკა გაბუნიას ინფორმაციით, დღეს დილით, როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ტექნიკა კლდოვან ადგილას სამუშაოს აწარმოებდა, კლდიდან ჩამოვარდა დიდი მასის ქვა, რამაც საავტომობილო გზაზე მანქანების გადაადგილება შეზღუდა. კოკა გაბუნიას განცხადებით, კონტრაქტორი კომპანია შპს „შარა“ ერთი თვეა ახორციელებს კლდოვანი მასის მოხსნას აღნიშნულ ტერიტორიაზე, იმისთვის, რომ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისთვის გზაზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს. მისივე განმარტებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„სამუშაო პროცესის განხორციელებისას ჩამოვარდა ქვის მასა, რომელმაც გადაკეტა მოძრაობა. შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით დაიმტვრა ჩამოვარდნილი ქვა და გატანის შემდეგ, ჩვეულებრივად აღდგა სატრანსპორტო მოძრაობა“, - განაცხადა გაბუნიამ.