სპორტული ტანკი უცნაურად ჟღერს. ეს არც ჩვეულებრივი ტანკია - შეიარაღებული არ არის, თუმცა მსუბუქი (ქვემეხთან შედარებით) იარაღის ტარება, როგორიც გეტლინგის ექვსლულიანი ტყვიამფრქვევია, თავისუფლად შეუძლია.
რა თქმა უნდა, ის არც ჩვეულებრივი მანქანაა, არც ბახას კლასის სარბოლო ყველგანმავალი. „რიპსოუ EV3-F1“ ერთდროულად ყველაფერია, რაც ჩამოვთვალეთ.
ეს უჩვეულო და პრაქტიკულად ყველაფრის შემძლე მანქანა, ამერიკელი ძმების, მაიკლ და ჯეფრი ჰოუების კომპანია „ჰოუ ენდ ჰოუ ტექნოლოჯიზის“ (Howe & Howe Technologies) მიერ, მათივე პროექტის მიხედვით არის დამზადებული.
ტანკის მსგავსი მუხლუხები მაღალი გამავლობისთვისაა და მას ცალკეული ენთუზიასტები ხშირად იყენებენ ერთჯერად პროექტებზე მუშაობისას. მაგრამ გამავლობა და მაღალი სიჩქარე ერთად ის კომბინაციაა, რომელიც „რიპსოუს“ პირველივე ვერსიას გამოარჩევდა. რადგან ვერსია ვახსენეთ ისიც ვთქვათ, რომ EV3-F1 მესამეა და ყველაზე გამორჩეული.
„რიპსოუ EV3-F1“ არის ერთადგილიანი ექსტრემალური მანქანა, რომელიც სერია „ჰელკეტ ჰემის“ 1 500-ცხენის ძალიანი ძრავით არის აღჭურვილი. ეს სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ მანქანა, როგორც იტყვიან, ყირაზე გადავიდეს. მისი ინტერიერი, საბრძოლო თვითმფრინავის ტიპისაა და პნევმატურ საკიდარს ეყრდნობა. თვითონ მანქანის საკიდარის სვლის სიგრძე 16 დუიმს (400 მილიმეტრი) აღწევს. „სპორტული ტანკი“ 3 315 კილოგრამს იწონის. რა შეუძლია, ამას ვიდეოში ნახავთ.