საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“, „შპს კასტელ ჯორჯიას“ და „სს წყალი მარგებლის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“არ დააკმაყოფილა.
დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ არაალკოჰოლური სასმელის სავალდებულო მარკირების წესს.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორები განმარტავენ, რომ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიიღწევა შესაძლებელია უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალებების გამოყენებით. კერძოდ, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ხაზები თავადვე აღრიცხავენ წარმოებულ პროდუქციას და ფინანსთა სამინისტროს შეუძლია საწარმოო აპარატის მიერ გენერირებული მონაცემების გამოყენება. იმავდროულად, მოსარჩელეები უთითებენ, რომ შესაძლებელია საწარმოო ხაზებზე ვიდეო მეთვალყურეობის განხორციელება და ეს ორი მექანიზმი, სხვა უკვე არსებული კონტროლის ღონისძიებებთან ერთად, სრულად უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნების მიღწევას.
ამასთან, მათივე პოზიციით სადავო ნორმები მათ ავალდებულებდა საწარმოში სახელმწიფოს მიერ შერჩეული, მარკირების განმახორციელებელი პირის დაშვებას, რომელიც საწარმოო ხაზებზე დააყენებს მარკირების აპარატებს. მხარე მიუთითებდა, რომ მარკირების აპარატები მუშაობს ხარვეზულად, იწვევს საწარმოო პროცესის შეფერხებას და ამავე დროს, სათანადოდ ვერ აღრიცხავს წარმოებული პროდუქციის მოცულობას. ამასთან, მარკირების ხარჯების ანაზღაურება მეწარმე სუბიექტებს ეკისრებათ, რაც მძიმე ფინასურ ტვირთად აწვება ინდუსტრიას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმები არღვევს საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის კონსტიტუციურ უფლებებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ კი დაადგინა, რომ სადავო ნორმები ემსახურებოდა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, საგადასახადო აღრიცხვის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ამავე დროს, საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა რაიმე ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტურობით, თუმცა ნაკლები დანახარჯებით, უზრუნველყოფდა წარმოებული პროდუქციის აღრიცხვას.
სასამართლომ ასევე შეაფასა სადავო ნორმებით მეწარმეებისათვის დადგენილი ვალდებულების სიმძიმე. ფინანსურ ტვირთთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ იგი არ იყო განუზომლად მძიმე. სადავო ნორმის ეფექტი არაალკოჰოლური სასმელების თითოეული ბოთლის მაქსიმუმ 2 თეთრით გაძვირებაში გამოიხატებოდა, რაც თავისთავად მის არაკონსტიტუციურობაზე არ მეტყველებდა. ამავე დროს, მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომელიც დაასაბუთებდა მარკირების აპარატის განთავსების გამო საწარმოო პროცესის ინტენსიურ ხელშეშლას.
„სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელად არ არის საკმარისი მარკირების აპარატის არასათანადოდ ფუნქციონირების რამდენიმე კონკრეტული ფაქტის მითითება. მოსარჩლე ვალდებულია წარმოაჩინოს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ინსტიტუტი, მისი სათანადო იმპლემენტაციის პირობებში, ქმნის წარმოების პრობლემებს.
საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა, რომ მარკირების არსებული პრაქტიკა მნიშვნელოვნად აფერხებს წარმოების პროცესს. ამდენად, სადავო ნორმები არ ქმნის პროდუქციის წარმოების პროცესზე იმდენად მძიმე ტვირთს, რომელიც გადაწონის სადავო ნორმებით დაცულ სიკეთეებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ არღვევს კონსტიტუციურ ბალანსს შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს“, - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.