ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაფიქსირებული სიცხე კლიმატის გლობალურ ცვლილებას დაუკავშირეს.მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სპეციალისტების განცხადებით, ჰაერის ძალიან მაღალი ტემპერატურა გამოიწვია იმან, რომ ატმოსფეროში გრძელდება სათბური აირების დიდი რაოდენობით გამოყოფა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული „გარდიანი" ავრცელებს.
ქართველი კლიმატოლოგი ლია ქართველიშვილი აცხადებს, რომ გლობალური დათბობა გამოწვეულია ორი – ბუნებრივი და ანთროპოგენური მიზეზებით. ადამიანის მიერ ტყის გაჩეხვამ, სათბური გაზების წვის შედეგად გამოყოფილმა აირებმა გამოიწვია ამ აირების მაღალი ემისია. რაც შეეხება საქართველოს, კლიმატოლოგმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
კლიმატოლოგების თქმით, ევროპაში გაუსაძლისი სიცხე დაახლოებით ორ კვირაში შეწყდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა შესაძლოა, ბალტიისპირეთის რეგიონსა და სკანდინავიაში ძლიერი ხანძრების მიზეზად იქცეს.
ცნობილია, რომ ივლისის თვეში მხოლოდ შვედეთში 50-მდე ტყის ხანძარი დაფიქსირდა. კლიმატოლოგები აღნიშნავენ, რომ საბერძნეთში მომხდარი მასშტაბური ხანძარიც დაკავშირებულია ჰაერის მაღალ ტემპერატურასა და ძლიერ ქართან. სპეციალისტების თქმით, გაუსაძლისი სიცხის მიზეზი ანტიციკლონების მყარი სისტემა (მაღალი ატმოსფერული წნევის არე) და მაღალ წნევის არეებია, რომლებიც ჩრდილოეთ ევროპის თავზე მოექცა.
კლიმატოლოგი ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ მეცნიერების მიერ გაკეთებული დასკვნა მართებულია და გაუსაძლისი სიცხე სწორედ სათბური აირების დიდი რაოდენობით გამოყოფამ გამოიწვია.
„რა თქმა უნდა, ვეთანხმებით იმ დასკვნას იმიტომ, რომ გლობალური დათბობა ორი მიზეზითაა გამოწვეული: ბუნებრივი ფაქტორით, რომელიც გამოწვეულია ბუნებაში მომხდარი კატასტროფებით, მაგალითად, ვულკანის ამოფრქვევით, მიწისძვრით და ა. შ. და ანთტროპოგენურით, ანუ ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად გამოწვეული ფაქტორებით.
„ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით ჭარბობს ანთროპოგენული ფაქტორი, რადგან ადამიანმა გაჩეხა ტყე, მიმდინარეობს სათბური გაზების წვა და ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან დიდი კონცენტრაცია და მაღალი ემისიებია სათბური აირებისა", - აღნიშნა კლიმატოლოგმა.
„რეზონანსთან" საუბრისას ლია ქართველიშვილმა განაცხადა, რომ წელს საქართველოში, კერძოდ კი თბილისში დაფიქსირდა მაქსიმალური ტემპერატურა:
„თბილისში დაფიქსირებული სიცხის მაქსიმუმი იყო ივნისის თვეში. დაფიქსირდა სიცხის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელმაც გადააჭარბა 40,6 გრადუსს. ამ დღეებში ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო დასავლეთ საქართველოში: წყალტუბოში, ქუთაისსა და ზესტაფონში. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის მაჩვენებელმა ბევრ ქალაქში 40 გრადუსს გადააჭარბა", - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს ორ კვირაში საქართველოშიც შეწყდეს გაუსაძლისი სიცხე ისევე, როგოც ევროპაში.
„ჩვენთანაც მსგავსი საუბარია. ჩვენი სინოპტიკოსები ამბობენ, რომ მაღალი ტემპერატურა თვის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო შემდეგ, აგვისტოს პირველ ნახევრაში ნელ-ნელა დაიკლებს. პროგნოზი ასეთია", - განაცხადა ლია ქართველიშვილმა.
კლიმატოლოგმა აღნიშნა, რომ საქართველოში ისეთივე ხანძრების გამეორების საშიშროება, როგორიც საბერძნეთშია, არ არის:
„ჯერჯერობით ხანძრების გაჩენის წინაპირობა არ არის, თუმცა ასეთი სიცხე თუ გაგრძელდება, შემდეგ იმის მიხედვით შესაძლოა, ხანძრებიც იყოს. უნდა აღინიშნოს, რომ რაც საბერძნეთში მოხდა, ძირითადად გლობალურმა დათბობამ გამოიწვია. უკვე ითქვა, რომ საბერძნეთში ხანძრები მაღალი ტემპერატურით არის გამოწვეული, მაგრამ ჩვენთან ჯერ არ არის ასეთი კატასტროფული სიტუაცია", - თქვა ლია ქართველიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჰაერის ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი 23 ივლისს იაპონიაში დაფიქსირდა და შეადგენდა 41,1 გრადუსს. მაღალი ტემპერატურა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მსოფლიოში ფიქსირდება და უკვე გახდა რამდენიმე ათეული ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.
ტატა შოშიაშვილი
გაზეთი „რეზონანსი"