„თბილისში ახალი ავტობუსების შეძენაზე ტენდერი შედგა“

ახალი ავტობუსების შეძენაზე დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი შედგა. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრმა შალვა ოგბაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

„ახალი ავტობუსების შეძენაზე ტენდერი შედგა. უბრალოდ კომპანიებს მიეცათ კანონით განსაზღვრული 3 დღე, საკითხების დასაზუსტებლად. შესაბამისად, 3 დღეში, ალბათ ამ საკითხების დაზუსტების შემდეგ მერია გამოაცხადებს გამარჯვებულ კომპანიას და ავტობუსების იმ რაოდენობას, რომელსაც უახლოეს პერიოდში შევიძენთ,“-აღნიშნა ოგბაიძემ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, დედაქალაქში 500-მდე ავტობუსია, აქედან მხოლოდ 143-ია ახალი და როგორც ოგბაიძემ აღნიშნა, მომავალში თბილისს 900 ახალი ავტობუსი ეყოლება.

ცნობისათვის, თბილისის მერიამ მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, მესამედ 5 ივლისს გამოაცხადა, საბუთების მიღება 13 ივლისს დაიწყო და 16 ივლისს დასრულდა. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიამ ავტობუსების შეძენაზე გამოცხადებულ წინა (მეორე) ტენდერშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო ტენდერიდან დისკვალიფიცირდა. ცნობისთვის, ის მაშინაც ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც შესყიდვაში მიიღო მონაწილეობა.