მეტროში მოქალაქეების ლოდინის დრო შემცირდება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრმა შალვა ოგბაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
მისივე თქმით, დროის შემცირებას მეტროსთვის 14 შემადგენლობის დამატება გამოიწვევს.
„შემადგენლობა ეს არ არის ვაგონები. შემადგენლობაში არის 4 ვაგონი ვარკეთილის ხაზზე და 3 ვაგონი - საბურთალოს ხაზზე. ანუ ჯამში, მეტროს 48 ვაგონი ემატება. რაც ყველზე მთავარია ვაგონების დამატება მოქალაქეების ცდის, ლოდინის დროს, რაც ხშირ შემთხვევაში 4 წუთამდე გრძელდება, 2.5 წუთამდე შეამცირებს. ეს კი ნიშნავს, რომ მეტროს ბაქნებზე მომლოდინე ადამიანების დიდი რაოდენობა და „საცობი“ აღარ იქნება,“-აღნიშნა ოგბაიძემ.
ცნობისთვის, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის თანახმად, 2018-2019 წლებში თბილისის მეტროს 14 ახალი შემადგენლობა დაემატება.