ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსის პროექტი გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსის პროექტი გამოაქვეყნა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, კოდექსის მიზანია კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, ვინაიდან ეფექტური და ჯანსაღი კორპორაციული მართვა ბანკებში ხელს უწყობს საბანკო და, ზოგადად, ფინანსური სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებასა და მდგრადობას.

“კორპორაციული მართვის კოდექსი განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომლებიც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას, მათ დამოუკიდებლობას, როლსა და ფუნქციებს, საბჭოს კომიტეტებს, დირექტორატს, რისკების მართვის, შიდა აუდიტისა და ანაზღაურების სტანდარტებს. დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებით.

კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული პრინციპები და სტანდარტები ეფუძნება დღეს არსებულ ძირითად სახელმძღვანელოებს, ევროკავშირის რიგ დირექტივებსა და იმ ქვეყნების პრაქტიკას, რომლებიც მოწინავედ ითვლებიან შესაბამისი საკითხების მოწესრიგებაში. აღნიშნული სტანდარტები, მათ შორის, მოიცავს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის "კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის ძირითადი პრინციპების სახელმძღვანელოს", ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კორპორაციული მართვის პრინციპების დოკუმენტს, ევროკავშირში მოქმედი დირექტივების (CRD IV – CRR) მოთხოვნებსა და ევროპის საბანკო უწყების (EBA -European Banking Authority) რეკომენდაციებს.

კორპორაციული მართვის სტანდარტების შემოღების გეგმების შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიურ ანგარიშში (იხ.ბმული, გვ.89), სადაც წარმოდგენილია ასევე ამ თემის თაობაზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვაც.

კორპორაციული მართვის პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - სამართლებრივი აქტების პროექტები. დაინტერესებული მხარეებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 26 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: CorporateGovernance@nbg.gov.ge“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.