2017 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 1 228 100 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან დაახლოებით 352 245 ერთეული დიზელის ძრავიანია.
შინაგან საქმეთა სამინისტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სულ 1 228 100 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, მათგან 100 000 - სატვირთოა, 53 500 - სამგზავრო, 28 400 - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 4 400 - სპეციალური ტექნიკა, 11 400 - სპეციალიზებული და 1 030 300 - მსუბუქი.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო დიზელისძრავიანი ავტომობილების იმპორტის პროცენტული მაჩვენებლების გამოქვეყნებას იწყებს 2016 წლიდან. კერძოდ, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში აღნიშნულია, რომ 2016 წელს იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია. 2017 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის შეჯამებული.
სატვირთო, სამგზავრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სპეცტექნიკა და სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ერთად ჯამში შეადგენს 197 700 ერთეულს, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ, რომ მთლიანობაში დიზელის საწვავის მომხმარებლები არიან.
რაც შეეხება მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს (1 030 300 ერთეული), მათგან დაახლოებით 15% ანუ დაახლოებით 154 545 ერთეული არის დიზელის საწვავზე მოძრავი.
ჯამში, დიზელის საწვავზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოდენობა შეადგენს დაახლოებით 352 245 ერთეულს, რაც რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საერთო ოდენობის დაახლოებით 28-30%-ს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც “ინტერპრესნიუსს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა მიაწოდა.