”ლარსის საბაჟო პუნქტის ჩაკეტვა რუსეთში ექსპორტის ხარჯებს ზრდის”

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარსის საბაჟო პუნქტის ჩაკეტვა რუსეთში ექსპორტის ხარჯებს ზრდის.

როგორც ხადურმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე ალტერნატიულ გზებს ეძებს და კვირის ბოლოს, ადგილზე აპირებს ნახოს, თუ რა მდგომარეობაა.

"მე ვიცი, რომ გზა გაწმენდილია, მაგრამ არ არის მზად იმისთვის, რათა ტრაილერებმა იარონ ამ გზაზე. ვეძებთ ალტერნატივებს, იქ არის რამდენიმე ალტერნატივა. არ მინდა ამაზე საუბარი, მე ვაპირებ, რომ ამ კვირის ბოლოს ავიდე და ვნახო", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, ვიდრე ლარსის გამშვები პუნქტი ჩაიკეტებოდა, საქართველოდან რუსეთში ექსპორტმა 150 მილიონი ლარი შეადგინა.

"ცხადია, რომ ახლა ეს ექსპორტი ან შეჩერებულია, ან იძულებულია ალტერნატიული გზებით წავიდეს, რაც თავისთავად ცხადია, ღირებულებას ზრდის. თბილისიდან რუსეთამდე არის 200 კილომეტრი თუ ლარსით წავალთ, ხოლო აზერბაიჯანის მიმართულებით კილომეტრები იზრდება და შესაბამისად, ხარჯებიც იზრდება. ანალოგიურია თუ გამოვიყენებთ ზღვას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს აძვირებს ტრანზიტს საქართველოს მიმართულებით როგორც თურქეთისთვის, ასევე სომხეთისთვის. ამიტომ ცხადია, რომ მნიშვნელოვანია, გზა რაც შეიძლება მალე გაიხსნას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.