ბაზარზე ელექტრომობილების დამკვიდრების ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, ელემენტების ტევადობა და ენერგიით მათი შევსებაა.
ავტო კომპანიები ბევრს ფიქრობენ ამ პრობლემის მოგვარებაზე და გამოსავალთა შორის, მზის ენერგიის გამოყენება ესახებათ.
ამ მხრივ, მოწინავეთა შორისაა „ტესლა“ და მისი პარტნიორები - „ტოიოტა“ და „პანასონიკი“. „ტესლა“ თავის „მოდელ 3-ზე“ ოპციის სახით აპირებდა მყიდველისთვის მზის ელემენტებიანი სახურავის შეთავაზებას. მაგრამ ეს განზრახვა არ (ჯერჯერობით მაინც) განხორციელებულა. სამაგიეროდ, ამას „ტოიოტა“ აპირებს.
„ტოიოტას“ პლაგ-ინ ჰიბრიდული „პრიუსისთვის“, მზის პანელებიანი სახურავი „პანასონიკმა“ ჯერ კიდევ 2012 წელს შეიმუშავა. ოღონდ, ეს კონცეპტუალური პროექტი იყო, რომელიც იაპონურმა კომპანიებმა დახვეწეს და ახლა უკვე, ასეთ სახურავებს მყიდველსაც შესთავაზებენ.
მზის პანელიანი სახურავის სახელია „HIT ფოტოვოლტაიკ მოდულ ფორ ავტომობილ“ და ის 180 ვატი სიმძლავრისაა. მის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგია, ლითიუმ-იონურ ელემენტებს მიეწოდება, რომლებში დაგროვილ ენერგიასაც, ელექტრო ძრავი მოიხმარს. „პანასონიკის“ მზის პანელის დადებით თვისებათა შორისაა ის, რომ სიცხეში მისი ეფექტურობა არ კლებულობს.
„პრიუსისთვის“ განკუთვნილი მზის ელემენტებიანი სახურავის წინა ვერსია გაცილებით სუსტი იყო და მხოლოდ სალონში არსებული სისტემებისა და პარკირებისას ვენტილატორისთვის გამოიყენებოდა.
ახალი პანელი უფრო მძლავრია, მაგრამ არა იმდენად, რომ სვლის სიშორის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობოს. როგორც „ტოიოტა“ აცხადებს, მზის ენერგიის დახმარებით, ავტომობილის ეფექტურობა დაახლოებით 10 პროცენტით უმჯობესდება. ეს კი სვლის ყოველდღიურ სიშორეს მხოლოდ 3.5 კილომეტრით ზრდის. და ისიც, იდეალურ პირობებში.
მზის პანელებიანი სახურავის დაყენება მყიდველს დაახლოებით 1 840 დოლარი დაუჯდება. გარდა ამისა, მისი დაყენების შემთხვევაში, ავტომობილიდან მოსახსნელი ხდება ჰედ-აპ დისპლეი, უხილავი არეების მონიტორი და უკნიდან გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა.