საერთაშორისო სავაჭრო ომს, რომელიც ტარიფების ფართომასშტაბიანი ზრდით არის გამოხატული, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტზე მეტით შემცირება შეუძლია.
ასეთ დასკვნას აკეთებს საფრანგეთის ცენტრალური ბანკი, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით, კვლევა ჩაატარა.
„ტარიფების ზრდით გამოწვეულ ეფექტებს, წარმოების მოცულობის შემცირება, ფინანსირების ფასის ზრდა და ინვესტიციებზე მოთხოვნის შემცირება გააძლიერებს. ყველა ამ ფაქტორის გადაანგარიშებით, შედეგად გლობალური შიდა პროდუქტის სამ პროცენტზე მეტით შემცირებას მივიღებთ“, - წერენ კვლევის ავტორი ეკონომისტები.
„სავაჭრო ომის საშიშროება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, ჩინეთის, ევროკავშირის და მეზობელი ქვეყნების რიგ პროდუქციაზე, ტარიფები გაზარდა. ევროპის შემთხვევაში, გაიზარდა ფოლადის და ალუმინის ტარიფები. ასევე არსებობს იმის შანსი, რომ გაიზრდება ტარიფები ევროპიდან შეერთებულ შტატებში ექსპორტირებულ ავტომობილებზე.
საფრანგეთის ბანკის მმართველმა ფრანსუა ვილეროი დე გალუმ განაცხადა, რომ შესაძლო სავაჭრო ომი, მსოფლიო ეკონომიკისთვის ყველაზე დიდი რისკ ფაქტორია. და ეს იმ დროს, როცა მცირე საშიშროებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ბიზნესმა თავდაჯერება დაკარგოს, რაც კომპანიების მიერ ინვესტიციების შემცირებაში და ეკონომიკის დასუსტებაში აისახება.