კომერციული ბანკების რეიტინგში "საქართველოს ბანკი" ლიდერობს

"Forbes Georgia"-ს საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგში "საქართველოს ბანკი" ლიდერობს.

ჟურნალ "Forbes Georgia"-ს ახალი 31-ე ნომრის პრეზენტაცია დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა და ამ პრეზენტაციის მთავარი თემა საქართველოს საბანკო სექტორი იყო. როგორც ჟურნალისტებს "Forbes Georgia"-ს მთავარმა რედაქტორმა გუგა სულხანიშვილმა განუცხადა, კვლევა ოთხი პარამეტრით ჩატარდა. კერძოდ, ესენია: სრული აქტივები, მოზიდული დეპოზიტები, კაპიტალი და გაცემული სესხები.

"ოთხივე პარამეტრით "საქართველოს ბანკი" არის ლიდერი. თუმცა, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს საბანკო სექტორი აგრძელებს სტაბილურ განვითარებას", - განაცხადა გუგა სულხანიშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეს არის პერიოდი, როდესაც ჯამდება გასული წელი საბანკო სექტორში. მისი თქმით, ჟურნალ "Forbes"-თან ერთად ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ასევე "EY საქართველოსთან" ერთად მოხდა 2013 წლის შეფასება. გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეს არის გარე თვალით დანახული 2013 წელი.

"ეროვნული ბანკის შეფასება რამდენიმე კვირაში იქნება პარლამენტში, როგორც ეს გათვალისწინებულია კომერციული ბანკების შესახებ კანონის მიხედვით, თუმცა ერთი რამ შემიძლია ვთქვა, 2013 წელი არის კიდევ ერთი წარმატებული წელი საბანკო სექტორისთვის", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

რაც შეეხება ჟურნალ Forbes ივლისის ნომერს, ის დაწვრილებით განიხილავს 2013 წელს საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ ძირითად ტენდენციებს და აანალიზებს, როგორ გაუმკლავდა თითოეული ბანკი მაკროეკონომიკური გარემოს გამოწვევებს.