მე კარგად მესმის, რომ იმ სიღარიბის ფონზე, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში, ძალიან რთულია ვთქვათ რადიკალური უარი, საქართველოში ტყის გამოყენებაზე სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ არ დავიწყოთ ამ მიმართულებით პრინციპული ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ხე-ტყე მნიშვნელოვან სიმდიდრეს წარმოადგენს, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. შესაბამისად, ბახტაძის განმარტებით, მთავრობის პოლიტიკა ამ მიმართულებით პრინციპული იქნება.
„ჩვენი მიზანია და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ, ახალი მწვანე რეკრეაციული სივრცეები შევქმნათ ქალაქებში, ისევე, როგორც მოვუაროთ და განვაახლოთ არსებული. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება დაცული ტერიტორიების, ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური ეკოსისტემის განვითარებაში. რაც მთავარია, ტყის სარეკრეაციო და ტურისტული მიზნებისათვის განვითარება იქნება ამ სექტორში ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ტყეზე ზრუნვა. იცით, რომ ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა. ბოლო წლებში ის სურათი, რაც ჩვენ მივიღეთ შეიძლება ითქვას, რომ არის ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე ბევრ რეგიონში. დღეს, მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახლავთ კლიმატური ცვლილებები და იმის ფონზე, როდესაც მსოფლიოში ასეთი გამოწვევები არსებობს, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად გვაწვება ჩვენ ის მდგომარეობა, რაც გვაქვს საქართველოში ტყის მოვლის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკა იქნება ძალიან პრინციპული და თანმიმდევრული ამ მიმართულებით. ტყე არის საქართველოს სიმდიდრე და მას უნდა გავუფრთხილდეთ და განვავითაროთ“, - განაცხადა ბახტაძემ.
ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველოდან შეიზღუდება ე.წ. მორისა და ხის ფიცრის გატანა. „მთავრობის სხდომაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა დავაყენეთ, რომლის მიხედვითაც წავახალისებთ საქართველოში იმპორტირებული ხე-ტყის შემოტანას. ამასთან ერთად ჩვენ საქართველოდან შევზღუდავთ ე.წ. მორისა და ხის ფიცრის გატანას. ეს არ არის ის ღირებულება, რომელიც საქართველოში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. არა, ეს მხოლოდ აჩანაგებს ჩვენს მთავარ სიმდიდრეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.