სექტემბრისთვის თბილისში ელექტრომობილების სალონი გაიხსნება, სადაც სხვადასხვა ბრენდის მანქანა იქნება წარმოდგენილი.როგორც e-space-ის გენერალურმა დირექტორმა სულხან გვალიამ Allnews.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ავტოსალონში შესაძლოა "ტესლაც" იყოს წარმოდგენილი. "ტესლას" გარდა მომხმარებელი იხილავს - "ნისანის", "შევროლეს" და "ფიატის" ბრენდის მანქანებს.
"ეს იქნება მცირე სალონი, სადაც მომხმარებლებისთვის ელექტრომობილების გარკვეულ ბრენდები ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ელექტრომობილებისა, ასევე გაიყიდება ყველა ის აქსესუარი, რაც ელექტრომობილს სჭირდება და მისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, ავტოსალონი საგამოფენო ფუნქციასაც შეითავსებს. ყველას, ვინც დაინტერესებული იქნება და ელექტრომობილებთან დაკავშირებით რაიმე კითხვები გაუჩნდება, შესაძლებლობა ექნება მოვიდეს დაათვალიეროს და კითხვები დაგვისვას", - აღნიშნა გვალიამ.
მისი თქმით, ავტოსალონის გახსნის იდეა, მომხმარებლის აქტიურობამ განაპირობა.
"მსგავსი კონცეფცია სხვა ქვეყანაშიც არის და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთანაც გაგვეკეთებინა. ხშირად გვირეკავენ და გვეკითხებიან დეტალებს. ძირითადად აინტერესებთ, როგორ უნდა მოუარონ, რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეთ, რამდენ ხანში იტენება და ა.შ", - აღნიშნა გვალიამ.
ელექტრომობილების სალონი თბილისში, სასტუმრო "რედისონის" მოპირდაპირე მხარეს სექტემბრისთვის გაიხსნება.