ვფიქრობ, ტაქსის ფერის მოთხოვნა ცოტა მოგვიანებით შეიძლება გადავდოთ. ყველაზე მთავარია, ის მინიმალური მოთხოვნები მაინც დაკმაყოფილდეს, რაც უსაფრთხოებასთან არის კავშირში, - ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა ტაქსების რეგულირების წესთან დაკავშირებით განაცხადა.
„მოდით გავიაზროთ, თუ რა მდგომარეობაშია დღეს მომსახურების ეს სფერო. ნებისმიერ პირს, რომლის არც ჯანმრთელობის მდგომარეობაა შემოწმებული, არც მისი ცოდნის დონე, არც ავტომობილის ჰიგიენური და სანიტარული მდგომარეობა, აწარმოებს ისეთ მომსახურებას, სადაც თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება. ეს რეფორმა აუცილებელი იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. როგორც კეთდება სწორი მიდგომაა. ჯერ არ ვიცით რა რაოდენობის მძღოლთან და მსურველთან გვაქვს საქმე, თავისთავად მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ცოტა მტკივნეული იყოს. ეტაპის გასვლის შემდეგ, როცა გავიგებთ თუ რამდენი მძღოლია მსურველი, რომ მომსახურება გაწიოს, უკვე სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები უნდა იყოს მოთხოვნილი. ვფიქრობ, ტაქსის ფერის მოთხოვნა ცოტა მოგვიანებით შეიძლება გადავდოთ. ყველაზე მთავარი, რისთვისაც ამას ვაკეთებთ უსაფრთხოებაა და ის მინიმალური მოთხოვნები მაინც უნდა დაკმაყოფილდეს, რაც უსაფრთხოებასთან კავშირშია. ესაა: მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის მინიმუმ ფსიქიატრულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე აყვანილი არ უნდა იყოს“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
იგი ასევე მძღოლების იდენტიფიცირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ვინ არის მძღოლი და აუცილებელია ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალება გვქონდეს იმ შემთხვევაში თუ ტაქსის მძღოლი სათანადოდ არ მოგვემსახურა.
„როდესაც ჩვენ ტაქსიში ვსხდებით, უნდა ვიცოდეთ ვინ არის მძღოლი. უნდა გვქონდეს საშუალება ცხელ ხაზზე დავრეკოთ თუ ის სათანადოდ ვერ მოგვემსახურა. მძღოლსაც უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ თუ ის ისე ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას უსაფრთხოების სტანდარტის ჩარჩოებში, მომხმარებლის ხმა აუცილებლად მივა მარეგულირებლამდე“, - განაცხადა ლალიაშვილმა.