ამ კვირას თამამად შეიძლება ეწოდოს ცენტრალური ბანკების კვირა, რადგან რამდენიმე მათგანი, მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად, სწორედ ამ კვირაში გამართავს სხდომებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ფედრეზერვის გადაწყვეტილებაა.
ინვესტორები და ანალიტიკოსები შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკისგან, ამჯერად დოლარზე საპროცენტო განაკვეთის შეცვლას არ ელიან. მაგრამ მათთვის საინტერესოა ფედრეზერვის სხდომის (ოთხშაბათს) შემდგომი განაცხადება, რომელშიც შესაძლოა, იყოს მინიშნება იმაზე, აპირებს თუ არა ფედრეზერვი თავის სექტემბრის სხდომაზე განაკვეთის აწევას.
ამჟამად დოლარზე მოკლევადიანი კრედიტების საპროცენტო განაკვეთი 1.75-2.00 პროცენტის შუალედშია. ფედრეზერვის მიერ განცხადებული გეგმით, წელს განაკვეთი კიდევ ორჯერ აიწევს. და თუ ასეა, ამ ორიდან პირველი სწორედ სექტემბერში უნდა შესრულდეს, რასაც ეკონომიკის ზრდის ტემპი და შრომის ბაზრის ოპტიმალური მდგომარეობა უწყობს ხელს. შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა ბანკმა დოლარზე განაკვეთი წელს უკვე ორჯერ გაზარდა.
შრომის ბაზრის ხსენებაზე ისიც უნდა ითქვას, რომ შრომის დეპარტამენტი პარასკევს სწორედ მის ყოველთვიურ მონაცემებს გამოაქვეყნებს. ამჯერადაც, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე თვეში, მთავარი ყურადღება საათობრივი ანაზღაურების ზრდის ტემპისკენ იქნება მიპყრობილი. წინა თვეში ზრდამ 0.2 პროცენტი შეადგინა, რაც პროგნოზზე 0.1 პროცენტით ნაკლები იყო. ანალიტიკოსები ამჯერადაც 0.3-პროცენტიან ზრდას მოელიან. წლიური გადაანგარიშებით, ანაზღაურების ზრდის მოსალოდნელი ტემპი 2.8 პროცენტია.
ხუთშაბათს თავის გადაწყვეტილებას ინგლისის ბანკი გაგვაცნობს. მოსალოდნელია, რომ ის სტერლინგზე განაკვეთს 0.5-დან 0.75 პროცენტამდე ასწევს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს სიმბოლური გადაწყვეტილება იქნება, რომლითაც ინგლისის ბანკი, სტერლინგზე განაკვეთს უკიდურესად დაბალ დონეს დააშორებს.
თუმცა იმავდროულად, ბრექსიტის მოახლოებასთან ერთად, ბანკის მმართველ მარკ კარნისგან ფრთხილი და თავშეკავებული განცხადებაა მოსალოდნელი. ამის მიზეზი ისაა, რომ ბრიტანეთს გამოყოფის შემდგომ, ევროკავშირთან ურთიერთობის შესახებ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ აქვს და ამ მიმართულებით, საკმაოდ ბევრი პრობლემა დაუგროვდა, რაც ეგრეთ წოდებული ხისტი ბრექსიტის ალბათობას ზრდის.
სამშაბათს სხდომას გამართავს იაპონიის ბანკი, რომლისგანაც ბაზარი იენზე განაკვეთის ცვლას არ ელის. მაგრამ არის იმის მოლოდინი, რომ ბანკი უკიდურესად რბილი მონეტარული პოლიტიკის შეცვლისთვის მზადებას მალე დაიწყებს. შესაძლოა, ამის შესახებ პირველი რეალური მინიშნებები ბანკმა თავის განცხადებაში გააკეთოს.