მესტიაში სამეწარმეო მარკეტი და საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, ფესტივალის “ფუძეობა” ფარგლებში, მესტიაში სამეწარმეო მარკეტი გაიმართა, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა.

გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იყო საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო, თუ სასურსათო ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, და სხვა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც საააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ , ისე სხვა სახელმწიფო სტარტაპპროგრამების ბენეფიციარები.

ღონისძიებაზე მოეწყო სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნენ და შეიძინეს საქართველოში წარმოებული პროდუქცია.

ასევე, 30 ივლისს, რეგიონალური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთიამ შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებსა და მოსახლეობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე სააგენტოს საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ადგილობრივმა მეწარმეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ.

ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი, რომელმაც  აღნიშნული უწყების პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.