საქართველოში შრომითი მიგრანტების რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს.შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში უცხო ქვეყნის 16 967 მოქალაქე მუშაობდა.
რაც შეეხება 2017 წელს, შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით შარშან ქვეყანაში 22 718 უცხოელი მუშაობდა. (ინფორმაცია მომზადებულია „საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ ინფორმაციის შესაბამისად - შემოსავლების სამსახური).
როგორც ცნობილია, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, იმ პერიოდიდან ძალაში შევიდა მთავრობის #520 დადგენილება, რომელიც უცხოელებისთვის ბინადრობის გაცემას არეგულირებს. სწორედ იმ დროიდან გახდა შესაძლებელი რეალობასთან უფრო მოახლოებული სტატისტიკური მონაცემების მიღება საქართველოში დასაქმებულ უცხოელებზე.
2017 წელს კი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საწარმოებში სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რამდენი უცხოელი მუშაობდა ამა თუ იმ საწარმოში და რა პოზიციებზე. (კვლევა 2017 წლის სამ კვარტალს მოიცავს). ამ ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 17%-ით და სულ 17 330 კაცი შეადგინა (მთლიანი დასაქმების 2.2%); უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების ძირითად მიზეზად დასახელდა საწარმოს უცხოელი დამფუძნებელი/მენეჯმენტი (65,8%) და ის, რომ საწარმო წარმოადგენს უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალს (17,3%);
ამავე კვლევის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულებია მშენებლობაში, საბითუმო და საცალო ვაჭრობასა და ტურიზმის დარგებში; უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულები არიან მიკრო (46,9%) ზომის საწარმოებში, ხოლო მსხვილსა (24,2%) და მცირეში (20,9%) თითქმის პროპორციულად არის გადანაწილებული; საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა (79,3%) თბილისზე მოდის.
უფრო კონკრეტულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულები არიან ისეთ ეკონომიკურ სექტორებში, როგორიცაა: მშენებლობა - 5,560 დასაქმებული (უცხო ქვეყნის მოქალაქეების მთლიანი დასაქმების 31.6%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 4,757 დასაქმებული (27%), ტრანსპორტირება და დასაწყობება - 13,866 დასაქმებული (7.9%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1,260 დასაქმებული (7.2%) და ტურიზმი - 1,231 დასაქმებული (7%). მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობის უცხო ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა (848/4.8% დასაქმებული) და დამამუშავებელი მრეწველობის (728/4.1% დასაქმებული) დარგებში. საკმაოდ მოკრძალებული წილი მოდის ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობებსა - 466 დასაქმებული (2.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენებასა - 350 დასაქმებული (2%) და სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობის - 189 დასაქმებული (1.1%) ეკონომიკურ სექტორებში, - აღნიშნულია კვლევაში.