სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 151,9 მლნ ლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისთვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 56,4 მლნ ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 37,1 პროცენტს შეადგენს. 54,7 პროცენტს შეადგენს შემოსავლები სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, ხოლო 8,2 პროცენტი - სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება.
გასულ წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 101,1 მლნ ლარი შეადგინა, აქედან დასაქმებულ პერსონალზე გაცემული შრომის ანაზღაურება 26,6 მლნ ლარია.
ცნობისთვის, 2017 წელს საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 207 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა.