სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 272 საავადმყოფო, 15,1 ათასი საწოლთა ფონდით, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 13,8 ათასი იყო.„საქსტატის“ ცნობით, საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5,2 დღე, ხოლო დატვირთვამ - 180,5 დღე შეადგინა.
რაც შეეხება ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებებს, მათმა რაოდენობამ 2 369 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 11 493 ათასს გაუტოლდა, რაც 12,1 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 27,4 ათასი ექიმია (ძირითადი პერსონალი) დასაქმებული, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 810 ერთეულით (3 პროცენტით) აღემატება.
გასულ წელს, 2016 წელთან შედარებით 2,4 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული საშუალო სამედიცინო პერსონალის რიცხოვნობა და 17 998 კაცი შეადგინა.
„2017 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 9,7 პროცენტით შემცირდა. 2016 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა შემცირდა დაავადებათა თითქმის ყველა სახის მიხედვით, გარდა რამდენიმე ჯგუფისა, სადაც აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება.
კერძოდ, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა 34,7 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების - 14,7 პროცენტით, ხოლო ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობები გაზრდილია 4,8 პროცენტით.
ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 33 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (14 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (10 პროცენტი) ავადმყოფობები,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.