კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი ოფიციალურად 1-ელ აგვისტოს გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ აჭარის მაღალამთიანეთში, კურორტ გოდერძიზე, ზაფხულის სეზონს ოფიციალურად 1-ელ აგვისტოს გახსნის.როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ იუწყებიან, სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი პირველად 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა, კურორტზე არის გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგიროები.

“ზაფხულის სეზონის განმავლობაში კურორტზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს. კურორტიდან შესაძლებელია გადასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე, მათ შორის ხიხანის ციხეზე, მწვანე ტბაზე, გაქვავებულ ტყეზე და ბეშუმზე.

კურორტზე ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. კურორტის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.