პოლიეთილენის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დადგენილების პროექტი უკვე მოამზადა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ის მთავრობას რამდენიმე დღეში გადაეგზავნება. პროექტის მიხედვით, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირების მიზნით, პოლიეთილენის პარკების ნაწილი 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, ნაწილი კი 2019 წლის 1-ლი აპრილიდან აიკრძალება.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სამინისტროში პროექტმა ყველანაირი ეტაპი გაიარა და მთავრობისგან დამტკიცებას ელოდება.
„პროექტის მიხედვით, პირველი ოქტომბრიდან 15 მიკროზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკები აიკრძალება. მთლიანად აიკრძალება ოქსო-დეგრადირებადი პარკები, ეს იგივე პლასტიკის პარკებია, მაგრამ უფრო მცირე ნაწილებად იშლება და კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქნის.
მომავალი წლის აპრილიდან აიკრძალება 50 მიკროზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკები. შესაბამისად, დაინერგება ბიო დეგრადირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და გამოყენება“, - განაცხადა ჩანქსელიანმა.
პლასტიკის პარკების აკრძალვაზე საუბარი 2017 წლიდან დაიწყო, პროექტის განხორციელება უკვე 2018 წლის იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა ამ თარიღისთვის პროექტის დასრულება შეფერხდა და ამოქმედების თარიღმა გადაიწია.
ლიკა ამირაშვილი