წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამერიკული მხარის მხარდაჭერით ხორციელდება.
შენობის საფუძველში სიმბოლურად დროის კაფსულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჩადეს. სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ყურადღება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერაზე გაამახვილა და ამერიკულ მხარეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
სამხედრო მოსამსახურეებსა და სტუმრებს სიტყვით, ელიზაბეთ რუდმა და აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონ ბეიკერმაც მიმართეს. მათ ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი და ერთგულება ხაზგასმით აღნიშნეს და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
„ახალი შენობა აღჭურვილი იქნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზითა და შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც დაეხმარება. ცენტრში მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის მოედანი განთავსდება.
კომპლექსი აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) მხარდაჭერით დააპროექტეს. ცენტრი სამშენებლო კომპანია შპს LCONS-ის, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსებით (Foreign Military Financing - FMF) და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ინჟინერთა კორპუსის წარმომადგენლების უშუალო ხელმძღვანელობით აშენდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ექვს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს ახალი ელექტრო ეტლები გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრო ეტლები პროექტის „მხატვრები მშვიდობისთვის“ ფარგლებში შემოსული თანხით დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდმა შეიძინა.
ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საელჩოს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები, უცხოელი მრჩევლები და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.