შიდა ფრენებზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" შიდა ფრენების სუბსიდირებაზე ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა.სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი შეასრულოს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი, რისთვისაც სახელმწიფოს 49 556 914 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სატენდერო პირობებით, კომპანიამ მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით უნდა უზრუნველყოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეისები უნდა შესრულდეს მესტია - ქუთაისი - მესტია; ნატახტარი-მესტია-ნატახტარი; ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი და თბილისი-ბათუმი -თბილისის მიმართულებით. ავიაბილეთების რეალიზაცია კი შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ფასით უნდა განხორციელდეს.

ცნობისათვის, შიდა ფრენების სუბსიდირებაზე წინა ტენდერი, „აეროპორტების გაერთიანებამ" ივლისის დასაწყისში გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო და შესაბამისად, ის ჩაშლილად გამოცხადდა. შედეგად, შიდა ფრენებს ისევ „აკ ეარი“ ახორციელებს.