უკრაინის დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტრო ყირიმის ხიდის მშენებლობის გამო რუსულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს სანქციებს დაუწესებს.საუბარია 19 იურიდიულ და 22 ფიზიკურ პირზე.
მსგავსი შინაარსის განცხადება უწყების ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ინიციატივა შეთანხმებულია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და სამართალდამცველ ორგანოებთან. სასანქციო სია უკვე გადაეგზავნა მინისტრთა კაბინეტს.
ცნობისათვის, ევროკავშირმა იმ რუსულ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ყირიმის ხიდის მშენებლობაში, სანქციები უკვე დაუწესა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
ევროკავშირის სანქციები შემდეგ კომპანიებს შეეხება: ПАО "Мостотрест", ООО "Стройгазмонтаж", АО "Институт Гипростроймост - Санкт-Петербург", АО "Судостроительный завод "Залив", ООО "Стройгазмонтаж - Мост", АО "ВАД". სასანქციო ზომები ითვალისწინებს აღნიშნული კომპანიების ევროკავშირში აქტივების გაყინვას.
„ევროკავშირი ქერჩის ხიდის მშენებლობას განიხილავს როგორც ქმედებებს, რომელიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევაზე“, - ნათქვამია ევროკავშირის გადაწყვეტილებაში.
კოკა კვირკველია