ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე დაიწყო და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები, რომელთა საშუალებითაც, პირველადი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებამ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 31 ივლისს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები, რომელთა საშუალებითაც, პირველადი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა“, - აცხადებენ შსს-ში.