სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიერ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაუქმდა.როგორც სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ვასილ ლორიამ განაცხადა, მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და საკითხების მოგვარებას დაჰპირდნენ.
"ჩვენ დაგვეკონტაქტნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ გვითხრეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ პრობლემის მოსაგვარებლად ერთობლივ ნაბიჯებს გადავდგამდით, ნაცვლად პროტესტისა. მათ ასევე გვითხრეს, რომ შეგვხვდება კომპანიის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე, დაგეგმილი პროტესტი ამ ეტაპზე გაუქმებულია", - განაცხადა ვასილ ლორიამ.
მანამდე ვასილ ლორიამ „ინტერპრესნიუსთან“ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც დღეს, მძღოლების ნაწილი გაფიცვას გეგმავდა. მისი თქმით, მძღოლები ითხოვენ ხელშეკრულების პირობების გადახედვას, ასევე შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესებას. კერძოდ, ლორიას თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, 7 წლის მუშაობის შემდეგ სამარშრუტო ტაქსი მძღოლის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, თუმცა ადმინისტრაცია დამატებით წელიწადი და 4 თვით მუშაობას ითხოვს.
„სამარშრუტო ტაქსები 7 წლის შემდეგ მძღოლების საკუთრებაში უნდა გადმოსულიყო. თუმცა, ამ პირობას არ ასრულებენ. ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ წელიწადი და 4 თვე კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა იმავე გეგმით, როგორც ვმუშაობდით და დამატებით 18 ათასი ლარი სურთ მივცეთ. რაღაც პროცენტებს გვიმატებენ და სხვადასხვა რამეს გვეუბნებიან. მოკლედ, ამ სამარშრუტო ტაქსების გადმოცემა არ სურთ. ასეთი ტიპის პრობლემა გვაქვს დაახლოებით სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე 80 პროცენტს“, - აცხადებდა ვასილ ლორია. მისივე ინფორმაციით, დღეს თბილისში მოქმედი სამი ავტოფარეხიდან ერთი, დიღმის ავტოფარეხი გეგმავდა გაფიცვას.
მძღოლების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „თბილისის მიკროავტობუსი“ მალევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიკროავტობუსების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ინფორმაცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და არც კონკრეტული რესპოდენტის მიერ დასახელებული ციფრებია რეალური. „თბილისის მიკროავტობუსი“ ნებისმიერი დაინტერესებული პირის საყურადღებოდ აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად მსჯელობს საკუთარ თანამშრომლებთან პრობლემურ საკითხებზე და მზადყოფნას გამოთქვამს კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.