საქართველოში უამრავი საქველმოქმედო ორგანიზაცია არსებობს.ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის გვერდები, სადაც ადამიანებს დახმარებას უწევენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ასეთი ადამიანების რიცხვი დღითი დღე იზრდება. ქართველები ერთმანეთის დახმარებითა და მხარში დგომით ყოველთვის გამოირჩეოდნენ, მაგრამ ბოლო დროს საზოგადოებისთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა საკითხი, თუ რამდენად მიზნობრივად განკარგავენ საქველმოქმედო ორგანიზაციები თანხებს.
საქართველოში ეკონომიკური ფონის გაუარესებამ და ლარის დევალვაციამ, საბოლოო ჯამში, იმაზე მეტ ოჯახს მიაყენა მძიმე დარტყმა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. უამრავი ადამიანი ითხოვს სოციალურ ქსელში დახმარებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სირთულის გადალახვისთვის. პრობლემები იწყება დენისა და გაზის ფულის გადაუხდელობიდან და სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემებამდეც მიდის, როგორებიცაა: ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება, გადაუდებელი სამედიციო დახმარება და ა. შ.
მსგავსი თხოვნა დღეში ათეულობით ადამიანისგან შესდით საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და უშუალოდ იმ პირებს, ვინც ამ საქმეშია ჩართული. აქ კი უკვე პრობლემებმაც იჩინა თავი. ნდობის საკითხი ძალიან რთული აღმოჩნდა და უამრავი ადამიანი პირადი საკითხების გადასაჭრელად იყენებს „ქველმოქმედების" სტატუსს.
სოფიკო მაკალათია სწორედ ამგვარი საქველმოქმედო აფერის მსხვერპლი გახდა. ის სოციალურ ქსელში აღმოჩნდა გაბმული.
„აპრილში ჩემს სოციალურ ქსელზე გამოჩნდა ერთი ოჯახის ფოტო თავისი ისტორიით, რომ მათ ბინის ქირის ფული არ ჰქონდათ, შესაბამისად, ოთხი ბავშვით ქუჩაში რჩებოდნენ. ვინმე თამუნა მახარაშვილი წერდა ამ პოსტს. მეც მყავს შვილები და ძალიან გულთან ახლოს მივიტანე, დავეკონტაქტე ამ გოგოს და ვუთხარი, რომ აუცილებლად დავეხმარებოდი საკვებით, ტანსაცმლით და ბინის ქირის 200 ლარსაც მივცემდი. შეხვედრა დავთქვით სადგურის მოედანზე და საკვები და ტანსაცმელი გადავეცი, უცნაურად მიყურებდა ხელებში, რამაც ცოტა გამაოცა. ფულზე მკითხა, თუ ვაპირებდი მიცემას, როგორც ჩანდა, საკვები და ტანსაცმელი დიდად არც ანაღვლებდა, დავიბენი და 200 ლარიც გავუწოდე.
სიმართლე გითხრათ, მაშინ ეჭვი არც გამჩენია, მადლობა გადამიხადა და წავიდა. დაახლოებით 10-15 დღეში მომდის მისგან „ესემეს" შეტყობინება ისევ სოციალურ ქსელში, რომ შუქს უჭრიან და გადასახდელი 20 ლარი არ აქვს და იქნებ ჩავურიცხო. ვუთხარი, რომ ქვითრის ფოტო ეჩვენებინა და გადავუხდიდი. ამაზე აგრესიით მიპასუხა, აქეთ გამლანძღა. მეც დავემუქრე, მივახვედრე, რომ დაახლოებით ვხვდებოდი, რაშიც იყო საქმე. ამის შემდეგ საერთოდ გააუქმა სოციალური ქსელი და მას მერე ვეღარც ვპოულობ. აშკარად არც იყო თავისი სახელითა და გვარით რეგისტრირებული.
უკვე მგონია, რომ მსგავსი ამბები ძალიან ბევრს გადახდენია და ზუსტად ამიტომ რთულია მიხვდე, ვისი ნდობა არის შესაძლებელი და ვისი - არა. მესმის, კარგია სოციალური ქსელი ხმის მისაწვდენად, იმ ადამინების დასახმარებლად, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება, მაგრამ მსგავსი „აფერებიც" უამრავია და რთულია გაარჩიო, ვის უნდა დაეხმარო და ვის – არა.
ახლა „დედების ფონდში" ვრიცხავ თანხას, როდესაც მაქვს და ისინი ეხმარებიან სხვადასხვა დაავადებულ ბავშვებს მკურნალობაში და ხელმოკლე ოჯახებს თავის გატანაში. მათ უფრო ვენდობი, ვიდრე სხვა ორგანიზაციებს ან მეტროში მოსიარულე იმ ადამიანებს, ვინც საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელით დადიან და ფულს აგროვებენ", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას სოფიკო მაკალათიამ.
მრავალშვილიანი ოჯახების, მზრუნველობამოკლებული ბავშვების, საწოლს მიჯაჭვული ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის პირების დახმარების მიზნით უამრავი საქველმოქმედო ორგანიზაცია იქმნება, ზოგიერთი მათგანის წარმომადგენლები საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შეგხვდებათ. რთულია იმის გაგება, რამდენად სანდოა ის პირი, რომელიც ამა თუ იმ საქველმოქმედო ორგანიზაციას წარმოადგენს.
თამუნა კვიტაშვილი მრავალშვილიანი დედაა რომელსაც არაერთხელ მიუმართავს თხოვნით სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის:
„გამოუვალ მდგომარეობაში ბევრჯერ ვყოფილვარ. არ მიყვარს ხალხის შეწუხება, მაგრამ, როდესაც ჩემს შვილებს შიათ, სხვა გზა არ მაქვს. „დედების ფონდისთვის" არაერთხელ მიმიმართავს, როდესაც შვილისთვის საფენებსა და ფაფებს ვერ ვყიდულობდი. მათაც არაერთხელ გაუწევიათ დახმარება ჩემთვის. რამდენ ადამიანს ეხმარებიან, ამას ჩემი თვალით ვხედავ და შეუფასებელია ნამდვილად მათი ამაგი.
სამწუხაროდ, ხშირად მინახავს გულდაწყვეტილი კომენტარები და ლანძღვა იმის გამო, რომ არიან ადამიანები, ვინც ფონდებში ჩარიცხულ თანხას თავიანთი ჯიბის გასასქელებლად იყენებენ. არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ უნდა გაკონტროლდეს, მე არ ვარ გათვითცნობიერებული, მაგრამ კარგი იქნება, თუკი რეგულაციები დაწესდება. ამით უფრო მეტად გააკონტროლებენ როგორც კერძო პირებს, ასევე ორგანიზაციებს", - განუცხადა „რეზონანსს" თამუნა კვიტაშვილმა.
თეო გუდავაძე
გაზეთი „რეზონანსი"