სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორებისა და მათი მოადგილეების ნაწილმა 2017-2018 წლებში ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები არასრულად შეავსო.“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თანამდებობის პირთა 30-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად დეკლარაციების არასრულად შევსების 8 ფაქტი, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 1 შემთხვევა გამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ კვლევაზე მუშაობის პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან ხუთი გუბერნატორი გაათავისუფლა, მათ შორის ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია წინამდებარე კვლევაში არის წარმოდგენილი.
გრიგოლ ნემსაძე ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი (2017 წლის მაისი - 2018 წლის ივლისი) - გრიგოლ ნემსაძემ 2018 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს „ბლუ ველვეტ +”- 50% წილი; შპს „ზაგი ლენდი”- 50% წილი. გრიგოლ ნემსაძეს ასევე არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე ნელი შენგელია არის შპს „ანგორა 2016-ის” 100%- იანი წილის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ნემსაძე ასევე ფლობს 50%-იან წილს შპს „ალგანში”, მას ეს ინფორმაცია დეკლარაციაში აღნიშნული აქვს.
თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შპს „ალგანმა” ორ ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა კონტაქტების საერთო ღირებულებამ 405 165 ლარი შეადგინა. 2017 წლის დეკემბერში შპს „ალგანი” „საპარტნიორო ფონდის” ტენდერის გამარჯვებული გახდა (კონტაქტის ღირებულება - 345 861.7 ლარი), მანამდე, 2017 წლის ნოემბერში, კომპანიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა (კონტრაქტის ღირებულება - 59 304 ლარი). გრიგოლ ნემსაძის გუბერნატორობის პერიოდში შპს „ალგანისაგან” გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით მომსახურება არცერთ საჯარო უწყებას არ შეუსყიდია.
ზაურ დარგალი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე (2017 წლის მაისიდან დღემდე) - ზაურ დარგალს 2017 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე რენა ნურმამედოვა ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს (625 კვ.მ.) მარნეულში.
ირაკლი შიოშვილი კახეთის გუბერნატორის მოადგილე (2016 წლის ნოემბრიდან დღემდე) - ირაკლი შიოშვილს 2018 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „თელავის დამოუკიდებელი პროფესიული მომზადების ცენტრის” 100%-იანი წილის მფლობელია. მას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე რუსუდან ღამბაშიძე შპს „წინანდალი - 1886- ის” 100%-იანი წილის მფლობელია.
ლევან ზაუტაშვილი მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი (2017 წლის ივლისი - 2018 წლის ივლისი) - ლევან ზაუტაშვილმა დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის აგვისტოში შეავსო. დოკუმენტში მას აღნიშნული აქვს, რომ შპს „კასტელ ჯორჯიას” დირექტორი იყო, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად იგი „კასტელ ჯორჯიაში” დირექტორის პოზიციას დღემდე ინარჩუნებს, რითაც დაარღვია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონი, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი. ლევან ზაუტაშვილი ასევე არის შპს „არტ მედია ინტერნეიშენელის” მეწილე და დირექტორი, თუმცა მას ეს ინფორმაცია არ აქვს დეკლარირებული.
ბესიკ თალაკვაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე (2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე) - ბესიკ თალაკვაძეს 2017 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ 2005 წელს რეგისტრირებული შპს „ივერია ტრანს იმპექსის” მეწილეა.
ლევან ქვათაძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე (2015 წლიდან დღემდე) - ლევან ქვათაძემ 2018 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს „პერეირა” - 50%-იან წილს; შპს „ნობათი 2012” - 20%-იან წილსა და შპს SNM GROUP - 50%-იან წილს. მას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მამა, მამუკა ქვათაძე არის შპს „პერეირას” დირექტორი და ფლობს 50%-იან წილს შპს „რაჭულ ღვინოში”, აგრეთვე შპს „არტ რეგალ ჯორჯიას” 100%-იანი წილის მესაკუთრეა. ლევან ქვათაძემ დეკლარაციაში აგრეთვე არ მიუთითა, რომ მამუკა ქვათაძე ამბროლაურში, კოსტავას ქ. N33- ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა. ასევე თანასაკუთრების უფლებით ფლობს ამბროლაურში, აღმაშენებლის N14-ში მდებარე მიწის ნაკვეთს და ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმდებარედ 451 კვ. მ მიწის ნაკვეთს.
გიორგი გონაძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე (2017 წლის ივნიდან დღემდე) - გიორგი გონაძეს დეკლარაციაში, რომელიც მან 2018 წლის 16 იანვარს შეავსო, არ აქვს მითითებული, რომ იგი ფლობს წილს შპს-ში „რაჭული ღვინო - 97”.
მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორი (2017 წლის აგვისტოდან დღემდე) - მერაბ ჭანუყვაძეს 2018 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „ევრო თრეიდის” 100%-იანი წილის მფლობელია.
თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მოახდინოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.