დღეიდან კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ” ამოქმედდა. შრომის ინსპექტორებს უფლება ექნებათ ორგანიზაციის გაუფრთხილებლად შეამოწმონ დასაქმებულთა შრომის პირობები.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კანონის მოქმედება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება.
უწყების ინფორმაციით, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღება “უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით”.
“მის მიზანს სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, პროფესიული დაავადებების დროული გამოვლენა, მათი პრევენცია და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება წარმოადგენს”,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ დამსაქმებელთა და დასაქმებულთათვის აწესებს ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა: უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა დამსაქმებელთა, დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირებისისთვის.
დასაქმებულთათვის უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა; სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება; შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სერტიფიცირებული პირის გამოყოფა; დამსაქმებლის ხარჯით, მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულების უბედური შემთხვევის დაზღვევის უზრუნველყოფა.
კანონის მიხედვით განისაზღვრა არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამოებები, რომლისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები, კერძოდ, გაფრთხილება, ჯარიმა, სამუშაო პროცესის შეჩერება.