დავით სერგეენკო “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონზე- ვფიქრობ, რომ ბიზნესი მზად იქნება ამისთვის და ვინც მზად არ იქნება, ეს აიძულებთ, მზადყოფნაში მოვიდნენ

მე ვფიქრობ, რომ ბიზნესი მზად იქნება ამისთვის და ვინც მზად არ იქნება, ეს მათ აიძულებთ, ძალიან სწრაფად მოვიდნენ მზადყოფნაში, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ტრენინგ ცენტრში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, გასულ წლებში შრომითი უფლებების განსამტკიცებლად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა.

რაც შეეხება კანონს, მისი ინფორმაციით, შრომის ინსპექტორებს უფლება ექნებათ, დასაქმებულთა შრომითი პირობები ორგანიზაციის გაუფრთხილებლად შეამოწმონ.

“2013 წლიდან დაწყებული შრომითი უფლებების განსამტკიცებლად რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. ეს იყო შრომის ახალი კოდექსის სამმხრივი კომისია, შრომითი მედიაცია, 2015 წელს შრომის მონიტორინგი და მალევე შრომის ინსპექცია. ამ ეტაპების თანმიმდევრულობას ჰქონდა მნიშვნელობა იმისთვის, რომ კონკრეტულ შედეგებზე გავსულიყავით და არ გვქონოდა ფორმალური და მითუმეტეს, კორუმპირებული უმაქნისი სამსახური. დღეს კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება, იმ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ. მისი დედააზრი შეგვიძლია გამოვხატოთ ორი მნიშვნელოვანი სიახლით, ერთი, რომ ნებაყოფლობიდან სავალდებულოდ გადაიქცევა ინსპექტირება და მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით შედიან ისე, რომ საწარმოს არ აფრთხილებენ და მეორე, თუ არაგეგმურ შესვლაზე სასამართლოს სანქცია იყო საჭირო, ახლა ის საჭირო აღარ არის. გარდა ამისა, საკუთრივ შრომის ინსპექტირების კვალიფიკაციისა, გაიზარდა სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ზუსტად და გამჭვირვალედ დადგინდეს ესა თუ ის დარღვევა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეკითხვაზე, არის თუ არა ბიზნესი მზად ახალი რეგულაციებისთვის და რა შედეგები მოიტანა განვლილ წლებში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა, დავით სერგეენკომ უპასუხა, რომ 2015 წელს, როდესაც შრომის ინსპექცია ჩამოყალიბდა, ბიზნესის ნაწილი ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა მას.

„ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვქონდა, თუმცა ყველაზე მთავარი რაც არის, არის ის, რომ არსებობს სამმხრივი პარტნიორობის კომისია, სადაც წარმოდგენილია დამსაქმებელთა ასოციაცია და ისინი არიან ბიზნესის ხმა და წარმომადგენლობა და უკლებლივ ყველა გადადგმული ნაბიჯი სწორედ ამ სამმხრივი კომისიის ფარგლებში იყო შეთანხმებული. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ბიზნესი მზად იქნება და ვინც მზად არ იქნება, ეს მათ აიძულებს, ძალიან სწრაფად მოვიდნენ მზადყოფნაში”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრის თქმით, ევროკავშირთან ვალდებულების თანახმად, არაუგვიანეს 2019 წლის 1-ლი სექტემბრისა, შრომის ინსპექტირება ყველა ინდუსტრიაზე უნდა განხორციელდეს, თუმცა საქართველოში ეს წინსწრებით გაკეთდა და დღეს ის 50-მდე ინდუსტრიის 500-მდე დასახელების მიმართულებაზე ვრცელდება, მომავალი წლის სექტემბრიდან კი ყველა ინდუსტრიაზე გავრცელდება.