შიდა ფრენებზე მგზავრთნაკადი შემცირდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 6 თვეში 3,063 მგზავრმა ისარგებლა, რაც 13.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2017 წლის იანვარ-ივნისში შიდა აეროპორტები 3 561 მგზავრს მოემსახურა. რაც შეეხება მთლიანად საქართველოს აეროპორტებს, წელს 6 თვეში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა.
„აკ ეარ“-ში შიდა ფრენებზე მგზავრთნაკადის შემცირების კონკრეტულ მიზეზებს ვერ ასახელებენ. როგორც კომპანიის დირექტორი ლევან მაწიაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ყველა რეისზე საჰაერო ხომალდები გადატვირთულია.
„ზუსტად რთულია სტატისტიკის მიზეზებზე საუბარი. ფაქტია, რომ ყველა რეისზე ყველა ხომალდი სავსეა. დაველოდოთ ივლისის სტატისტიკურ მონაცემებსაც და მერე ვისაუბრებთ დეტალებზე“, - განაცხადა მაწიაშვილმა.
რაც შეეხება მოთხოვნას, მაწიაშვილის თქმით, განსაკუთრებით მოთხოვნადია მესტიის მიმართულება: „სვანეთი ტურისტებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს, რასაც ვერ ვიტყვით ამბროლაურზე. მაგრამ ცარიელი ხომალდი არც ამბროლაურში დაფრინავს.
საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შიდა ფრენები განვითარდეს და მოსახლეობაში უფრო მეტად პოპულარული გახდეს. დროის ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანი ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მისასვლელად დიდ დროს არ კარგავს“, - განაცხადა მაწიაშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ გახდა მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი, ფრენის ღირებულება, რომელიც 1-ლი მაისიდან გაძვირდა, მაწიაშვილი გამორიცხავს და აცხადებს, რომ როგორც მესტიის, ასევე ამბროლაურის მიმართულებით, ყველა რეისზე ბილეთები სრულად იყიდება.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი მაისიდან საქართველოში შიდა ფრენებზე ბილეთების ფასი 25-40%-ით გაიზარდა. ფასებმა სამ მიმართულებაზე მოიმატა, ერთი მიმართულება - ნატახტარი-ამბროლაური - ნატახტარი (ერთი გზა) უცვლელი - 50 ლარი დარჩა.
რაც შეეხება დანარჩენი რეისების ფასებს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენები 25 ლარით გაძვირდა და 65-ის ნაცვლად 90 ლარი (ერთი გზა) ღირს; ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით ფრენა 10 ლარით გაძვირდა და 40-ის ნაცვლად 50 ლარია (ერთი გზა), ხოლო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები 35 ლარით გაძვირდა და 90 ლარის ნაცვლად 125 ლარი (ერთი გზა) ღირს.
როგორც ცნობილია, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენამდე შდა რეისებს ისევ “აკ ეარი” ახორციელებს. შიდა ფრენების სუბსიდირებაზე ხელახალი ტენდერი კი „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" გუშინ კიდევ ერთხელ გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი შეასრულოს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი, რისთვისაც სახელმწიფოს 49 556 914 ლარი აქვს გათვალისწინებული.
ცნობისათვის, შიდა ფრენების სუბსიდირებაზე წინა ტენდერი, „აეროპორტების გაერთიანებამ" ივლისის დასაწყისში გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო და შესაბამისად, ის ჩაშლილად გამოცხადდა.