„ყოველწლიურად სახელმწიფო შესყიდვებისთვის გამოყოფილი 5 მილიარდის დიდი ნაწილი უცხოური კომპანიების მიერ ქვეყნის გარეთ გადის“- ამის შესახებ მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესების შესახებ საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. როგორც სილაგავა აღნიშნავს, შეღავათთან დაკავშირებით პროექტი უკვე ერთი წელიწადია მზადაა. პროექტის თანახმად, საუბარია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის 10%-იანი შეღავათის დაწესებაზე.
„უკვე ერთი წელიწადია მზად არის ეს პროექტი და ფაქტობრივად, მთავრობის სხდომაზეც უნდა გასულიყო, თუმცა ამ დრომდე არაფერი მომხდარა. პერიოდულად გააქტიურდება ეს საკითხი, გვეტყვიან რომ ახლა ან ახლა იქნებაო, მაგრამ ჯერჯერობით მთავრობის სხდომაზეც არ გასულა. სახელმწიფო შესყიდვებისთვის ყოველწლიურად 5 მილიარდი ლარია გამოყოფილი, რომ სახელმწიფომ გარკვეული პროდუქცია ან მომსახურება იყიდოს. ეს არის მთელი ბიუჯეტის მესამედი და ამ თანხის უმეტესი ნაწილი უცხოური კომპანიების მიერ ქვეყნის გარეთ გადის, მაშინ როცა შესაძლებელია, რომ ეს თანხა ქვეყნის შიგნით დარჩეს. ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მსგავსი შეღავათები აქვს და ძალიან კარგად იყენებს: კანადა, გერმანია ასევე თურქეთი, რომელსაც 15%-ინი უპირატესობა აქვს,“-აღნიშნა სილაგავამ.
ცნობისთვის, პროექტის მიხედვით შეღავათი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუკი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და ფასი უცხოური კომპანიის ანალოგიურია. ამასთან, არსებული, შემუშავებული პროექტის თანახმად, 10%-იანი შეღავათი გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში არა აუცილებლად 10%-იანი შეღავათი ექნებათ, არამედ 10%-მდე ფარგლებში.