შეერთებული შტატები და ჩინეთი მოლაპარაკების განახლებას ცდილობენ, რათა სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომის თავიდან აცილება შეძლონ.
ამ ინფორმაციის წყაროს ცნობით, აშშ-ის ხაზინის მდივანი სტივენ მნუჩინი და ჩინეთის ვიცე პრემიერი ლიუ ჰე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. მათი შეხვედრების მიზანი ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების განახლებისთვის საფუძვლის შექმნაა.
მხარეები ცდილობენ შეათანხმონ მოლაპარაკებათა განრიგი, განსახილველი საკითხები, ასევე ფორმატი. მხარეები აღიარებენ, რომ მათ შორის წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად და სავაჭრო ომის თავიდან ასაცილებლად, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ამის ფონზე, შეერთებული შტატებიც და ჩინეთიც აქვეყნებენ სიებს, რომლებში ჩამოთვლილი პროდუქციაც, მკვეთრად გაზრდილი ტარიფებით დაიბეგრება. და ისე ჩანს, რომ დათმობას არცერთი მათგანი არ აპირებს.
მოლაპარაკების დროს, მნუჩინს საქმეს ურთულებს აშშ-ში ჩატარებული ის გამოძიების შედეგები, რომელთა დასკვნითაც, ჩინური კანონები ხელს უწყობს ამერიკიდან უახლესი ტექნოლოგიების და კაპიტალის ჩინეთში გადინებას. იმავე დასკვნის შესაბამისად, საჭიროა ტარიფების გაზრდა, რაც ზარალს ნაწილობრივ გადაფარავს.
ამერიკული ახალი ტარიფების ტალღა ოთხშაბათს არის მოსალოდნელი. შეერთებული შტატები გამოაქვეყნებს სიას, რომელშიც 16 მილიარდი დოლარის ჯამური ღირებულების ჩინური პროდუქცია შევა. ჩინური მხარეც საპასუხო რეაქციისთვის ემზადება და იმავე ღირებულების ამერიკული პროდუქციის სიას ამზადებს.