ბათუმში სამართალდარღვევაზე ჯარიმის დაწერის უფლება მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მიენიჭა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეიდან სამართალდარღვევაზე ჯარიმის დაწერის უფლება მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მიენიჭა.აღნიშნული სამსახური დღემდე მხოლოდ მონიტორინგსა და ზედამხედველობას ახორციელებდა. უწყების ცნობით, დღესვე მონიტორინგის ჯგუფის ოცდაათივე თანამშრომელს სპეციალური ფორმები გადაეცათ.

„ბათუმის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, ჩვენ სრულად დავიწყეთ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმირება. კერძოდ, ფუნქციები დაექვემდებარა შესაბამის დარგობრივ სამსახურებს, ესენია: არქიტექტურისა და ქალაქგანვითარების ურბანული პოლიტიკის სამსახური, სადაც მშენებლობის ზედამხედველობის მიმართულებით ახალი განყოფილება შეიქმნა.

ქონების მართვის სამსახურში ჩამოყალიბდა განყოფილება, რომელიც კურირებს ადმინისტრაციულ ზედამხედველობას.

მუნიციპალური სერვისების სააგენტოში ზედამხედველობის მიმართულებით ოცდაათამდე თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ყოველდღიურ მონიტორინგსა და ზედამხედველობას სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. აღნიშნული მონიტორინგის ჯგუფი უფლებამოსილია, გამოწეროს ადმინისტრაციული დარღვევის ოქმი. უახლოეს პერიოდში ყველა ეს ღონისძიება ქალაქზე აისახება“, - განაცხადა ბათუმის მერმა.