ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი შესაძლოა, გაუქმდეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ამ საკითხზე აჭარის მთავრობაში მსჯელობა დაწყებულია.
ტურისტულ ქალაქში არსებული აეროპორტის ალტერნატივად განიხილება აეროპორტის გახსნა გურიის სოფელ მერიაში, ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, ან ქობულეთში.
„ეს იყო ინიციატივის დონეზე წინადადება. ვთვლი, რომ აეროპორტის მხარეს ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პოტენციალია და სწორედ აეროპორტის არსებობის გამო ვერ ხდება მისი ათვისება. აეროპორტის გადატანის შემთხვევაში კი ექნება განვითარების პერსპექტივა. ამავდროულად განვითარდება ქობულეთიც და ბათუმიც“, – განუცხადა აჭარის ტელევიზიას უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი აეროპორტის გადატანაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შემდეგ მიიღებს.
„კონცეპტუალურად საკითხი დაყენებულია და რა თქმა უნდა, ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შემდეგ შეგვიძლია უფრო დეტალურად ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილებები“, აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ამასთან, აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბათუმის სანაპიროს, ანუ იმ ადგილს, სადაც აეროპორტია მოწყობილი – ტერიტორიის საინვესტიციოდ მომზადება იგეგმება.
სოფელ მერიაში ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, აეროდრომის ტერიტორია 230 ჰექტარი დღემდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მისი გასხვისება არ მომხდარა.
ცნობისათვის, დღეს საქართველოში 3 საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს. მათ შორისაა, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები.
რაც შეეხება სოფელ მერიას, იქ საბჭოთა პერიოდში აშენდა სამხედრო აეროდრომი და მოეწყო შესაბამისი დასახლება. 1995 წლის 21 მაისს აეროდრომიდან შესრულდა პირველი რეისი ოზურგეთი-მოსკოვი. ამჟამად აეროდრომის ტერიტორიაზე განთავსებულია მუნიციპალური ნაგავსაყრელი.
შეგახსენებთ იმასაც, რომ სოფელ მერიაში აეროპორტის მშენებლობას 2017 წლის აპრილში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა. „არ დაგვცალდა, თორემ გურიაში, სოფელ მერიაშიც ვაპირებდით ორჯერ დიდი აეროპორტის აშენებას და მისი ავტობანით დაკავშირებას ბათუმთან, ფოთთან და ლაზიკასთან“, - წერდა მაშინ სააკაშვილი.