ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 69 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 37 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 26, გურიაში - 9, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 27, მცხეთა-მთიანეთში -1, შიდა ქართლში - 33, ქვემო ქართლის მასშტაბით - 11, ხოლო კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 34 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2352 მ3-მდე ხე-ტყე.

დეპატრამენტის ცნობით, ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 61 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.