ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის აეროპორტის შესაძლო გადატანას გამორიცხავს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლო დახურვასა და მის სხვა ადგილას გადატანას გამორიცხავს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, „ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“.

რაც შეეხება სხვა, ახალი აეროპორტების აშენებას, იგივე სოფელ მერიაში, სამინისტრო ამას სამომავლოდ არ გამორიცხავს.

„მომავალში გამორიცხული არ არის სხვა პროექტების განხილვა, თუმცა ეს მხოლოდ მყარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შედეგად მოხდება", - დასძინეს სამინისტროში.  

ცნობისათვის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. ტელევიზიის ინფორმაციით, ამ საკითხზე აჭარის მთავრობაში მსჯელობა დაწყებულია. ტურისტულ ქალაქში არსებული აეროპორტის ალტერნატივად განიხილება აეროპორტის გახსნა გურიის სოფელ მერიაში, ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, ან ქობულეთში.