როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ინგლისის ბანკმა სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდა.
ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა. განაკვეთი 0.25 ერთეულით, 0.75 პროცენტამდე გაიზარდა. ეს კი 2009 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.
ინგლისის ბანკმა ასევე დაადასტურა, რომ განაკვეთის აწევა შემდგომშიც ეტაპობრივად, მცირე პორციებად განხორციელდება და ამ პროცესს „შეზღუდული ხასიათი“ ექნება. განაკვეთის აწევის მიზეზად, ბანკმა ის გარემოება დაასახელა, რომ ეკონომიკის ზრდის შედარებით ნელი ტემპის მიუხედავად, ინფლაცია მიზნობრივ დონეს სწრაფი ტემპით უახლოვდება.
ამჟამად ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2.4 პროცენტია, რაც ინგლისის ბანკის მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეზე ოდნავ მეტია. თუმცა ნოემბერში ის 3.1 პროცენტამდე იყო გაზრდილი.
ბოლო დროს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა. არადა, წლის დასაწყისში მისი ზრდა თითქმის გაჩერებული იყო. შრომის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, თუმცა იმავდროულად, ანაზღაურების ზრდის ტემპი მოკრძალებულია.
ინგლისის ბანკმა სტერლინგზე განაკვეთი იმის მიუხედავად გაზარდა, რომ ჯერაც არაა გარკვეული ბრექსიტის და მის შემდგომ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის პირობები. ცნობილია, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს მარტში დატოვებს. მაგრამ მასთან გასვლის ხელშეკრულებები ჯერ გაფორმებული არ აქვს. ინგლისის ბანკი ბრექსიტთან დაკავშირებით ფრთხილ პოზიციას ინარჩუნებს და აცხადებს, რომ ბრექსიტს ბრიტანეთის ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის შეფერხება შეუძლია.
ბოლო ათწლეულში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ინგლისის ბანკი სტერლინგზე განაკვეთს ზრდის. ბრექსიტის რეფერენდუმის (2016 წელს) შემდეგ, სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთი პირველად ნოემბერში გაიზარდა.
საინტერესოა, რომ განაკვეთის ზრდის მიუხედავად, სტერლინგმა დოლართან წყვილში პოზიცია დათმო. თუ ინგლისის ბანკის გადაწყვეტილებამდე, 1 სტერლინგი 1.3127 დოლარი ღირდა, ამჟამად ფასი 1.3045-ის ფარგლებშია და კლებას აგრძელებს.