ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა სავალუტო ინტერვენციებმა ლარი ფაქტობრივად, ერთ ადგილზე გააჩერა.
სებ-მა სავალუტო აუქციონის მეშვეობით წელს 7 თვეში ბაზარს თითქმის 87, 5 მლნ დოლარი „გამოაცალა“, აქედან 27,5 მლნ დოლარი ბოლო 3 კვირაში. ლარის კურსი დოლარის მიმართ უკვე ერთ თვეა 2,44-ის ნიშნულზეა.
7 აუქციონი და ბაზრიდან ამოღებული 87 500 000 დოლარი - ეს არის ეროვნული ბანკის 2018 წლის სავალუტო აუქციონების შედეგი 1-ელ აგვისტომდე. წელს პირველად აუქციონზე სებ-მა 20 000 000 დოლარი 3 აპრილს შეიძინა. 22, 25 და 28 ივნისს სებ-მა 10-10 მილიონი დოლარი, ჯამში 30 მილიონი იყიდა. 20 მილიონი დოლარი შეისყიდა ეროვნულმა ბანკმა 11 და 27 ივლისს გამართულ აუქციონზე, 1-ელ აგვისტოს კი 17,5 მილიონი დოლარი იყიდა.
აღსანიშნვია, რომ წელს სებ-ს არცერთი დოლარი არ გაუყიდია. სავალუტო აუქციონი, სადაც ბაზრისთვის დამატებითი დოლარის მიწოდება მოხდებოდა არც 2017 წელს გამართულა. თუმცა, 2018 წლის ანალოგიურად, 2017 წელსაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად შეივსო. 2017 წელს სებ-მა 129,750 მლნ დოლარი იყიდა, შედეგად ბოლო 2 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 217 250 000 დოლარი „გამოაცალა“.
იმის გამო, რომ 2018 წლის ბიუჯეტი 2,5-ის ნიშნულზეა დაგეგმილი, ცხადია, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრად გამყარება არც მთავრობის და არც სებ-ის ინტერესში არ შედის. კურსის მერყეობას, იქნება ეს ლარის გამყარება თუ მით უფრო, გაუფასურება, ყოველთვის ნეგატიურად აღიქვამს ბიზნესიც. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ ლარის კურსის ასეთ ნიშნულზე დაბალანსებით მთავრობა და სებ-ი ფაქტობრივად, შეთანხმებულად მოქმედებდნენ.