2018 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-12,6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-10,7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (2,7 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,4 პროცენტით, რაც -0,05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-2,4 პროცენტი), ასევე ტანსაცმლის (-1,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
ტრანსპორტი: ფასები გაზრდილია 1,2 პროცენტით. შესაბამისად ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0,15 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,7 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1,6 პროცენტი);
„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,9 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,93 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (12,3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-11,0 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,67 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (4,6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,2 პროცენტი), თევზეული (3,7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3,1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2,6 პროცენტი). ამასთან ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-2,9 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 5,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (6,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5,0 პროცენტით, რაც 0,42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9,0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,4 პროცენტით, რაც 0,31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8,2 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: მოცემულ პერიოდში ფასების კლება დაფიქსირდა 8,3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმელზე (-8,5 პროცენტი), ისე ფეხსაცმელზე (-7,9 პროცენტი),“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.