2018 წლის 7 თვეში საგამოძიებო სამსახურმა 70 702 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით 70 702 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.

საგამოძიებო სამსახურის მიერ „ბიზნესპრესისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) გამოძიება 55 საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 44 პირის მიმართ დაიწყო.

რაც შეეხება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდს, საგამოძიებო სამსახურმა, ამავე მუხლით გამოძიება 29 საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 36 პირის მიმართ დაიწყო. შარშან 7 თვეში ამოღებული უაქციზო სიგარეტის რაოდენობამ 104 185 კოლოფი შეადგინა.

2017 წლის განმავლობაში, აღნიშნული სახის დანაშაულზე გამოძიება 65 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 66 პირის მიმართ დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 558 685 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.