„სავალდებულო აუდიტის რეფორმას ბიზნესის ნაწილი მოუმზადებელი ხვდება“

2018 წლის ოქტომბრამდე კომპანიების ნაწილს სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწევს.

თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ბიდიოს“ მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი აცხადებს, კომპანიები სიახლეს ნაკლებ მომზადებულები ხვდებიან.

მისივე თქმით, მიუხედავად საინფორმაციო კამპანიისა, ბევრ კომპანიას ინფორმაცია არ აქვს, არც ემზადებიან და შესაბამისად, 1 ოქტომბრამდე ამის მოსწრება ძალიან რთული იქნება.

„აუდიტის განხორციელება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით უნდა მოხდეს. ეს ცოდნა კი ბევრ კომპანიას არ აქვს, იმიტომ, რომ ამის ვალდებულება-მოთხოვნა არ იყო და ბევრი კომპანია ამას არც აკეთებდა. შესაბამისად, მომზადების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც წესი პირველი წელი ყოველთვის შედარებით რთულია ხოლმე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ არის ისეთი კომპანია, რომელსაც ეს მომსახურება უკვე შეთანხმებული არ აქვს, შესაძლებელია 1-მდე ვერც მოასწროს.

ბევრი კომპანიაა, რომლებიც არ არიან ინფორმირებულნი, არ ემზადებიან და ჩემი აზრით, ბიზნესის ნაწილი ამ ვალდებულებას მის შეუსრულებლობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ აღმოაჩენს. თუმცა, გაფრთხილებიდან დაჯარიმებამდე როგორც მახსოვს 1-თვიანი ვადაა განსაზღვრული, შესაბამისად, დაახლოებით, 15 დეკემბრამდე შესაძლოა, კომპანია ჯარიმის გარეშე გამოვიდეს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ნაწილი რეფორმის იანვრამდე გადავადებას ითხოვდა და ფაქტობრივად, რეალურად ასეც გამოვა,“-აღნიშნა ლალაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ოქტომბრამდე სავალდებულო აუდიტის ჩატარების ვალდებულება აქვთ: კომპანიებს, რომელთა კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება. ასევე იმ კომპანიებს, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე უნდა იყოს.