ცნობილი იტალიელი დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია

შვეიცარიის ალპების საკურორტო ქალაქ ვერბიეში მოეწყო წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პრეზენტაცია, სადაც გაცხადდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოსედა წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი იქნება.აქვე, ვერბიეში, ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებას მაესტრო ნოსედას და წინანდლის ფესტივალის დამაარსებლებს შორის.

2019 წლის სექტემბრიდან წინანდლის ფესტივალი, ახალაზრდული ორკესტრი (რომელიც წელიწადში ერთხელ შეიკრიბება) და ფესტივალის ფარგლებში დაარსებული მუსიკალური აკადემია წინანდლის ისტორიულ მამულებში დაიდებს ბინას.

იტალიელი ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დირიჟორი, 2016 წლიდან არის აშშ-ს ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი, ასევე ლონდონის სიმფონიური ორკესტრის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, მუსიკალურ წრეებში კარგად ცნობილი კატალონიის კამერული ორკესტრის, კადეკესის ორკესტრის (Orquestra de Cadaqués), მთავარი დირიჟორი და იტალიური სტრესას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2007-2018 წლებში ნოზედა იყო ტურინის სამეფო თეატრის მუსიკალური დირექტორი. 2021 წლიდან ჯანანდრეა ნოზედა დაიკავებს ასევე ციურიხის ოპერის მუსიკალური დირექტორის პოსტს.

bpn

ჯიანანდრიანო ნოზედა - "ჩემს არჩევანში ყოველთვის ვხელმძღვანელობდი იმ რწმენით, რომ მუსიკას ნამდვილად ძალუძს გააერთიანოს სრულიად განსხვავებული წარმომავლობის, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსის ან სოციალური სტატუსის ადამიანები. ამიტომაც, დიდი ენთუზიაზმით დავთანხმდი, როდესაც წინანდლის ფესტივალის მუსიკალურ დირექტორად მიმიწვიეს, იმ იმედით, რომ შევძლოთ კავკასიის რეგიონში ნიჭიერი მუსიკოსების ახალი თაობის გაზრდა კავკასიის ახალგაზრდული ორკესტრის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, რომ ახალაზრდების ერთგულება, ჩართულობა და საერთო ფასეულობების გაზიარება დაეხმარება მათ მაღალი შემოქმედებითი ხარისხის და ხელოვნების სათანადო დონის მიღწევაში და შეგვაძლებინებს - ყველას ერთად - წვლილი შევიტანოთ ურთიერთ პატივისცემაზე, ტოლერანტობაზე და ჰუმანურობაზე დაფუძნებული უკეთესი საზოგადოების განვითარებაში.

წინანდლის ფესტივალი დაარსდა საქართველოს მთავრობის და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად. ფესტივალის დამაარსებლები არიან: მარტინ ენგსტროემი, ვერბიეს ფესტივალის დამუძნებელი, ავი შოშანი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის გენერალური დირექტორი და სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებლები გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია და დევიდ ბორგერი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.

“ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი რეგიონში ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების ნათელი და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად. პირველივე დღიდან, როდესაც კომპანია "სილქ როუდ ჯგუფმა" წინანდლის პროექტი წამოიწყო, ჩვენი ხედვა იყო საქართველოში წარმატებული და მდგრადი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება. ჩვენი პარტნიორიც, ერკინ ტატიშევიც იმთავითვე ამ ფასეულობების გაზიარებით შემოუერთდა პროექტს. არ შეიძლება მუსიკის ენის მნიშვნელობა სათანადოდ არ შეაფასო, რადგან მუსიკა მშვიდობის, კეთილდღეობის და კავკასიის ხალხთა შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ყველაზე ძლიერი ელჩია - გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი.

ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე:

"მოხარულები ვართ, რომ წინანდალში დაფუძნდა ახალი კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დამკვიდრებას მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი საინტერესო ადგილი კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ცნობადობას გაზრდის და დამატებითი სტიმული იქნება ტურისტების მოსაზიდად".

bpn

წინანდლის მამულები 1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო. წინანდლის პროექტის პროგრამის მიზანია წინანდლის მამულები საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს.

შემოდგომაზე წინანდლის მამულებს შეემატება ახალი უმაღლესი კლასის სასტუმრო „რადისონ ქოლექშნ წინანდალი“ და კიდევ ერთი, ამჯერად დახურული, საკონცერტო დარბაზი. პროექტის შემდეგი ეტაპი იქნება სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო ვილების მშენებლობა. განახლებულ წინანდლის კომპლექსში ნატიფად და ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ძველი და თანამედროვე არქიტექტურული სტილები, რაც განთქმული გერმანელი სამრეწველო დიზაინერის ინგო მაურერის და ცნობილი ქართველი დიზაინერის თამარ კვესიტაძის დამსახურებაა. ეს ყველაფერი, 1000 და 500-ადგილიან საკონცერტო დარბაზებთან, უახლესი ტექნოლოგიის ღვინის ქარხანასთან, განახლებულ ვენახებთან და რეაბილიტირებულ ისტორიულ კომპლექსთან ერთად წინანდალში უნიკალურ, ჰარმონიულ გარემოს შექმნის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.