"რეზონანსი" - ხალხი უმუშევარია, დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობა კი მუდმივად იზრდება

საქართველოში უცხო ქვეყნის დასაქმებული მოქალაქეების რიცხვი იზრდება. 2016 წელთან შედარებით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ შარშან 17%-ით მოიმატა.დასაქმებული მიგრანტები, ძირითადად, უცხოელი ინვესტორების მიერ შექმნილ საწარმოებში მუშაობენ. ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ, საქართველოში არსებული მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, უცხოელ ინვესტორს უნდა უწესდებოდეს გარკვეული ზღვარი, თუ რამდენი თანამშრომლის შემოყვანა შეუძლია ქვეყნის ფარგლებს გარედან.

2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საერთო რაოდენობა 17%-ით გაიზარდა და 17 330 კაცი შეადგინა. კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელზე საუბრობენ სტატისტიკის დეპარტამენტში. მათი ინფორმაციით, საქართველოში დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობამ 22 ათასს გადააჭარბა. მათი დასაქმების ძირითად მიზეზად დასახელდა საწარმოს უცხოელი დამფუძნებელი/მენეჯმენტი (65,8%) და ის, რომ საწარმო წარმოადგენს უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალს (17,3%).

დღეს არ არსებობს ქვეყანაში კანონმდებლობა, რომელიც მოაწესრიგებს, თუ რამდენი პროცენტი უნდა იყოს დასაქმებული საქართველოს მოქალაქე და რამდენი - უცხოელი. არადა, ეკონომიკური მდგომარეობა და ემიგრაციის ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა ამ საკითხის სიმწვავეს აშკარად აჩვენებს.

უცხო ქვეყნებში ჩასული მიგრანტები, ძირითად შემთხვევებში, იაფ სამუშაო ძალად ითვლებიან, საქართველოში კი ეს პირიქითაა. უცხოელების ანაზღაურება, როგორც წესი, ბევრად აჭარბებს საქართველოს მოქალაქეების ხელფასს.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ინვესტორს, რომელიც ქვეყანაში შემოდის, უნდა უწესდებოდეს რეგულაცია და გარკვეული პროცენტული ზღვრის ზევით უცხოელთა დასაქმება უნდა იზღუდებოდეს.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ზრდა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. პირველი, ალბათ, არის უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე საქმიანობენ და ცდილობენ, რომ საკუთარი მოქალაქეები დაასაქმონ; გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად უმუშევრობის მაღალი დონისა, ძალიან ბევრი სპეციალობაა, სადაც კადრები არ გვყავს და მათი გადამზადება აუცილებელია; მესამე და მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ კანონმდებლობა არ არეგულირებს ინვესტორის ვალდებულებებს, თუ რამდენი პროცენტი უნდა იყოს საწარმოში თანამშრომელი საქართველოს მოქალაქე, რამდენი - უცხოეთის და ა.შ.

რა თქმა უნდა, დაუშვებელია, ვინმე უცხოელთა საქართველოში შემოსვლისა და დასაქმების წინააღმდეგი იყოს, მაგრამ აუცილებელია მოწესრიგებული, ჩვენს ქვეყანაზე ადაპტირებული საკანონმდებლო ბაზა, რეგულაცია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ოდენობას განსაზღვრავს უცხოელი ინვესტორის მიერ შექმნილ საწარმოებში.

როცა არ არსებობს ასეთი რეგულაცია, რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე, უცხოური ფინანსური ნაკადის შემოსვლის პროპორციულად გაიზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების ოდენობა.

არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება უცხო განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნებიდან, თუმცა ამ პირობებში ეს არაადეკვატურად მეჩვენება, რადგან იქ ეკონომიკური მდგომარეობა საერთოდ სხვაგვარია. დასაქმებულების დონეც და მათი სამუშაო პირობებიც რადიკალურად განსხვავდება.

არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ემიგრანტები ჩადიან ნებისმიერ ქვეყანაში, მათი დიდი ნაწილი, მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეებთან შედარებით, იაფ მუშახელად ითვლებიან. ჩვენთან ეს პირიქითაა. უცხოელს, საქართველოს მოქალაქესთან შედარებით, ერთსა და იმავე პოზიციაზე, ყოველთვის მეტი ანაზღაურება აქვს. ეს მომენტიც თავისთავად არასამართლიანია.

ფაქტია, დღეს ჩვენ გვჭირდება საკანონმდებლო ბაზა, სადაც მკაცრად იქნება რეგულირებული, უცხოური ინვესტიციის შემთხვევაში რამდენი პროცენტი უნდა იყოს დასაქმებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ასევე სხვადასხვა პრივილეგიის საკითხიც უნდა განისაზღვროს. იმედია, წლების შემდეგ ეს რეგულაცია არ იქნება საჭირო, მაგრამ უმუშევრობისა და იმ კატასტროფული ფონის გამო, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ეს გადაწყვეტილება მყისიერად უნდა იქნას მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ უცხო ქვეყნის ინვესტიციებს საქართველოში, საიდანაც ნაკლები სარგებელი ექნება ქვეყანას", - აცხადებს "რეზონანსთან" ავთო სილაგაძე.

აუდიტორი ირაკლი შავიშვილი ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც 3 თვეზე ნაკლებად არიან დასაქმებული ერთსა და იმავე ადგილზე, არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს.

"უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც დასაქმებული არიან საქართველოში, საშემოსავლო გადასახადს იხიდან ჩვეულებრივ, თუმცა არის გამონაკლისიც - როცა 3 თვეზე მეტი ხნით არ არის დასაქმებული ადამიანი არარეზიდენტის კომპანიაში, მაშინ ისინი გათავისუფლებული არიან გადასახადებისაგან", - განუცხადა "რეზონანსს" შავიშვილმა.

ასე რომ, დროებითი მუშახელის დასაქმების კუთხით, ინვესტორებს ხელს აძლევთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაც და ამით გადასახადების გადახდასაც თავს არიდებენ.

თამუნა მუკბანიანი

"რეზონანსი"