ომალოში დღეს „მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ აღინიშნება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დღეს, თუშეთში, სოფელ ომალოში „მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ აღინიშნება.„მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტოში, თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრთან იმართება.

როგორც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, წელს ღონისძიებაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოც მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტორთა ცენტრის ეზოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საინფორმაციო სტენდები და ინტერაქციული ბანერები განთავსდება, სადაც სტუმრებს ფოტოების გადაღება შეეძლებათ. ასევე მოეწყობა დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოგამოფენა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის ადგილობრივი და მოწვეული ოსტატების ნამუშევრები; მოეწყობა თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ტრადიციული კუთხე. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ თუშური კერძები და ჩაერთონ მომზადების პროცესში.

„მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018-ის“ ფარგლებში, სპორტული ღონისძიებებიც გაიმართება. მოეწყობა დოღი და მშვილდოსნობის კუთხე. ბავშვებისთვის ხრიდოლის ფედერაციის წევრები ტრადიციული ქართული თამაშების სივრცეს მოაწყობენ; გაიმართება ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენაც. „მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ სოფო ბათილაშვილის, ზვიად ბოლქვაძისა და ჯგუფის „ნიუტონი“ კონცერტით დასრულდება.