ჩინეთი მზადაა ამერიკიდან იმპორტირებულ თხევად გაზზე 25%-იანი გადასახადი დააწესოს

იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი 200 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე 25%-იან გადასახადს დააწესებს, პეკინი მზადაა საპასუხო ზომად ამერიკიდან იმპორტირებულ გათხევადებულ გაზზე ანალოგიური ოდენობის - 25%-იანი საბაჟო ტარიფი დააწესოს.

როგორც გამოცემა „კომერსანტი“ წერს, ჩინეთი არის ამერიკული გათხვევადებული გაზის უმსხვილესი იმპორტიორი, მასზე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამერიკული ექსპორტის 15% მოვიდა. თავის მხრივ, აშშ ჩინეთში გათხევადებული გაზის მესამე მიმწოდებელი გახდა ავსტრალიისა და ყატარის შემდეგ.

ექსპერტების პროგნოზით, მოკლევადიან პერსპექტივაში პეკინის გადაწყვეტილება გათხევადებული გაზის ბაზარზე გავლენას არ იქონიებს. თუმცა, თუ ტარიფები დიდი ხნით შენარჩუნდება, ეს მისცემს ჩინეთის სხვა მიმწოდებლებს უპირატესობას აშშ-სთან, შედეგად კი შემცირდება ინვესტორთა ინტერესი ამერიკული გათხევადებული გაზის პროექტებისადმი.

კოკა კვირკველია