2018 წლის ივნისის მდგომარეობით, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან კომერციულმა ბანკებმა 923,246,686 ლარის შემოსავალი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბანკების ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული.
ანგარიშგების თანახმად, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავლის სახით ყველაზე მეტი თანხა - 352,288,454 ლარი „საქართველოს ბანკმა“ მიიღო. მას მოსდევს „თიბისი ბანკი“, რომელმაც ამ ტიპის სესხების საპროცენტო შემოსავლებიდან - 292,506,366 ლარი მიიღო; მე-3 ადგილს კი - 123,443,693 ლარიანი შემოსავლით „ლიბერთი ბანკი“ იკავებს.
მე-4 და მე-5 პოზიციებს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავლების მიხედვით, „კრედო“ და „ვითიბი ბანკი“ შესაბამისად, 58,159,517 ლარისა და 27,983,181 ლარის შემოსავლით ინაწილებენ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომერციულმა ბანკებმა გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავლის სახით, 1,391,431,180 ლარი მიიღეს.