აფხაზეთის ზღვისპირა კურორტებზე ზაფხულის სეზონი ყოველ წელიწადს ვარდება. მიზეზები ისევ ძველია - კრიმინალი, მაღალი ფასები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა...
წელს დამსვენებლები სანაპიროზე მაწანწალა ცხოველების განსაკუთრებულ სიმრავლეზე საუბრობენ, არადა, ზამთარში ადგილობრივი მოსახლეობა წუხდა, რომ ქალაქების ხელმძღვანელობამ “გამოსავალი” მათ დახოცვაში იპოვნა...
აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული რუსი ტურისტი გაზეთ "ЭХО АБХАЗИИ"-სთან საუბარში აცხადებს, რომ მან სოხუმის სანეპიდსადგურის მისამართი ვერ იპოვნა, რათა არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა...
“ჩემი ოჯახი სოფელ ბაბუშერაში ისვენებს, უკვე მერამდენე დღეა, მის სანაპიროზე მკვდარი ძროხა გდია... არაერთი მოთხოვნისა და მისი გატანის მცდელობის მიუხედავად, ის მაინც იქ არის...” - წერს პეტრო ლაკტიონოვი, რომლის თქმითაც, მკვდარი ცხოველი ეპიდემიის კერა იყო, თუმცა, მისი მოშორება, მხოლოდ რამდენიმედღიანი ბრძოლისა და ადგილობრივი ჟურნალისტების ძალისხმევით მოხერხდა...
“უწყინარი” მკვდარი ცხოველების გარდა, სანაპიროზე გასვლას სხვა შემაფერხებელი მიზეზებიც აქვს, - ცოცხალი და აგრესიული ძაღლები, რომლებიც დამსვენებლებს ხშირად თავს ესხმიან.
ის, რომ სანიტარული, უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურული კუთხით რეგიონში არაფერი იცვლება, ამას ადგილობრივები წლებია აპროტესტებენ, ისევე როგორც აზიურ ფაროსანასთან უშედეგო ბრძოლას. მათივე თქმით, ტურისტული სეზონი წელსაც მძიმედ მიმდინარეობს.
“ძროხებისა და “მერსედესების” ქვეყანა” - წერს კიდევ ერთი, ინტერნეტგამოცემა URA.RU-ს რუსი ჟურნალისტი დანილ ბარდინი აფხაზეთზე, რომლის თქმითაც, თურქეთთან შედარებით სასტუმროს ორმაგი ფასებისგან მიღებული თანხებით, აფხაზები “ჰამერებსა” და “ლექსუსებს” ყიდულობენ. მისი თქმით, ის გუდათაუში, სამვარსკვლავიან სასტუმროში დარჩა, სადაც სამჯერადი კვება იყო, თუმცა, მთელი მენიუ ორი-სამი დასახელების კერძისგან შედგებოდა:
“დილით, ფაფა და კვერცხი. სადილად წვნიანი და ე.წ. მეორე, რომელიმე კერძი და საღამოსაც - იგივე... ხილი და ტკბილეული არ იყო... თუმცა, ყველაფერი გემრიელი იყო. ნომრებში ახალი ევრორემონტი იყო, ცხელი წყალი, კონდინციონერი, ხანდახან WiFi. პლაჟი აქ უფრო ველურია, უმეტესად, ქოლგებისა და შეზლონგების გარეშე. მზისგან თავის დასაცავად, რამდენიმე ბრეზენტის ან ტენტის ქოლგა დგას, რაც ტურისტებისთვის საკმარისი არ არის... ადამიანების გვერდით წვანან ძროხებიც. ეს ეხება არა მარტო სანაპიროებს, ასევე ტრასებს, ქუჩებს, სკვერებსაც...
გზების გასწვრივ, სისწრაფის მოყვარული მძღოლების დამსახურებით, შეამჩნევთ მკვდარ და ძაღლებდასეულ ძროხებსაც, რაც სრულებით არაესთეტიურია აფხაზეთის ულამაზესი ბუნების ფონზე..." - წერს დანილ ბარდინი.